თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის პარკირების სისტემის მართვაზე უფლებამოსილების გადაცემას საკრებულომ მხარი დაუჭირა
თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის პარკირების სისტემის მართვაზე უფლებამოსილების გადაცემას საკრებულომ მხარი დაუჭირა

თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს, რომელიც კომპანია „სი თი პარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, უფლებამოსილების თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის გადაცემას ითვალისწინებს.

დადგენილების პროექტი საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა სერგო ბირკაძემ წარადგინა.

მისი განმარტებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ენიჭება უფლებამოსილება, განახორციელოს პარკირებასთან დაკავშირებული სისტემის მართვა, შესაბამისად, დარღვევების იდენტიფიცირება და პროცესების წარმოება. ოპოზიცია დაინტერესდა იცვლება თუ არა ჯარიმების ოდენობა. ბირკაძის თქმით, ამ მიმართულებით ცვლილებები არ განხორციელებულა.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლილე ლიპარტელიანი დაინტერესდა, აქვს თუ არა სატრანსპორტო კომპანიას საჭირო სპეცტექნიკა და ადამიანური რესურსი იმისთვის, რომ 10 აპრილის ცვლილებას მზად შეხვდეს.

როგორც მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა, სერგო ბირკაძემ განაცხადა, არანაირი შეფერხება პარკირების განხორციელების მიმართულებით ქალაქში არ შეიქმნება.

„გპირდებით, არანაირი შეფერხება 10 აპრილის შემდეგ არ იქნება პარკირების სისტემის მართვის მიმართულებით. ყველანაირი მატერიალური, ტექნიკური და ადამიანური რესურსი არის სრულად მობილიზებული ისე, რომ არც ერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით არ იქნება გადადგმული, რომ რაიმე უარყოფითი შედეგი დაეტყოს დედაქალაქს. პარკირების მართვის სისტემა იქნება სრულყოფილად გამართული და არანაირ შეფერხებას არ ექნება ადგილი. რა რესურსიც იქნება საჭირო, აბსოლუტურად ყველაფრის უზრუნველსაყოფად მზად არის მერია“, – განაცხადა სერგო ბირკაძემ.

საკრებულოს უმრავლესობის წევრის, ვატო შაქარიშვილის თქმით, ჯარიმის კომერციალიზაციის პერიოდი დასრულდება და შეიქმნება სამართლიანი გარემო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

თბილისის მერია 10 აპრილიდან კომპანია „სი თი პარკთან“ ხელშეკრულებას წყვეტს. მის ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია შეასრულებს.