თბილისის ანძა ლურჯად განათდა, რაც მსხვილი ნაწლავის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული აქტივობით ეროვნული სკრინინგცენტრი ტრადიციულად ყოველწლიურ საინფორმაციო კამპანიას შეუერთდა.
მიმდინარე თვეში მსოფლიოში სხვადასხვა ღონისძიება შესაბამისი სიმბოლოების თანხლებით მიმდინარეობს, რაც კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ლეტალური შემთხვევების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.
„ეროვნული სკრინინგცენტრი უერთდება მსხვილი ნაწლავის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანიას და თბილისის სატელევიზიო ანძას ლურჯად ანათებს. ეს, ერთი მხრივ, გამოხატავს სოლიდარობას პაციენტების მიმართ და, მეორე მხრივ, შეახსენებს მოსახლეობას დროული მიმართვიანობის მნიშვნელობას. მოვუწოდებთ ყველა 50-დან 70 წლის ჩათვლით მოქალაქეს, უფასოდ ჩაიტაროს მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი და იყოს დაცული“, – განაცხადა ეროვნული სკრინინგცენტრის დირექტორმა, ეთერ კიღურაძემ.
დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ცნობით, თბილისის სატელევიზიო ანძა მსხვილი ნაწლავის კიბოს შესახებ ცნობადობის ამაღლების ფერში ეროვნული სკრინინგცენტრის ინიციატივითა და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მხარდაჭერით განათდა.
„კვლევებზე ჩასაწერად დაუკავშირდით ეროვნულ სკრინინგცენტრს: 2 20 35 35. ცენტრის მისამართებია: საბურთალო, მ. ალექსიძის N1; დიდუბე, აკ, წერეთლის N69; ვარკეთილი, კალოუბნის N12; გლდანი, IV მიკრორაიონი N113 ა“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.