თბილისის სასულიერო აკადემიაში კურსდამთავრებულების ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ
თბილისის სასულიერო აკადემიაში კურსდამთავრებულების ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიაში მათი კურსდამთავრებულების ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ. როგორც პირველ არხს სასულიერო სემინარიისა და აკადემიის პრორექტორმა, დეკანოზმა ბესარიონმა განუცხადა, სასწავლებლისა და მისი რექტორის წინააღმდეგ ეკლესიის მტრები არიან დაინტერესებული.

“სასულიერო სემინარია და აკადემია მოწოდებულია, რომ სასულიერო პირები გაზარდოს და მის წინააღმდეგ არის ის ძალა, ვისაც არ სურს ეკლესია ნათელი წერტილი იყოს ქვეყანაში.
ვისაც აინტერესებს, თუ რა პირობებია სემინარიაში, შეუძლია მობრძანდეს და თავად ნახოს.
სასულიერო აკადემია და სემინარია გამორჩეული სასწავლებელია პირველ რიგში დამოკიდებულებით. უამრავი მადლიერი ადამიანია, როგორც კურსდამთავრებული, ისე ვინც ამჟამად სწავლობს.
როგორც ოჯახშია – არის მადლიერი შვილი, ვინც ამაგს ხედავს და არის შვილი, ვინც ამას ვერ ხედავს. წლების განმავლობაში არის მსგავსი ერთეული შემხვევევა.
თუ მამა გიორგი წლების განმავლობაში მათი თქმით, სტუდენტებს შეურაცხყოფას აყენებს, რომელი სტუდენტი გაჩერდება, ან რომელი მასწავლებელი არ ამოიღებს ხმას. დაუჯერებელი ბრალდებებია მამა გიორგის წინააღმდეგ, ადამიანი რომელიც დღე და ღამე შრომაშია. თუ რომელიმე სტუდენტს რამე აკლია, მთელი სასწავლებელი მოწოდებულია, რომ რამით დავეხმაროთ და ძალიან საწყენია, როდესაც მსგავსი ბრალდებები გესმის ადამიანების მხრიდან, რომლებზეც ამაგი გაქვს”, – აცხადებს პრორექტორი დეკანოზი ბესარიონი ცინცაძე.

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კურსდამთავრებულები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და წმინდა სინოდს ღია წერილით მიმართავენ.

როგორც კურსდამთავრებულები წერილში აღნიშნავენ, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, უმძიმესი მდგომარეობაა.