თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გიორგი რურუას მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გიორგი რურუას მხარდამჭერი აქცია გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას სასამართლო პროცესის პარალელურად, მისი მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

აქციაში პოლიტიკური პარტიების, „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები მონაწილეობდნენ.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, გიორგი რურუას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის პროცესი პოლიტიკას უკავშირდება.

„ივანიშვილის პირობებში სასამართლო ხორცის საკეპ მანქანად გადაიქცა. შედით, გაიარეთ დერეფნებში და ნახავთ, რომ ყველა დარბაზში პოლიტიკური სასამართლოა. დღეს ჩვენ ვაპროტესტებთ სრულიად ნათელ შემთხვევას. გიორგი რურუასთვის იარაღის ამოღების ოქმი გააფორმეს ისე, რომ იარაღი საერთოდ არ არსებულა. ეს არის ახალი სიმაღლე სიყალბის, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო მისდევს, იარაღს აღარც დებენ, პირდაპირ ამოღებას აფორმებენ. როგორც პურზე ჯემს წაუსვამ, ასე წაუსვეს გიორგის დნმ იარაღზე.

ვითხოვთ გიორგი რურუას წინააღმდეგ საქმის შეწყვეტას, რომელიც თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია და ზოგადად ყველა საქმის დამთავრებას. საგიჟეთია უკვე სასამართლოში, შესვლა აღარ შეიძლება, თუ გინდა ვინმე ოპოზიცია ან ოპოზიციასთან ახლოს მყოფი ნახოთ, უნდა მოხვიდეთ სასამართლოში“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

გიორგი რურუა 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.