თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ ადეიშვილისა და დავით ჭაკუას საქმეზე გამომძიებელი დაიკითხა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ ადეიშვილისა და დავით ჭაკუას საქმეზე გამომძიებელი დაიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ძებნილი დავით ჭაკუას საქმეზე ბრალდების მხარის მოწმე – გამომძიებელი გიორგი ლომთაძე დაიკითხა.

როგორც გამომძიებელმა განაცხადა, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ზურაბ ადეიშვილის დავალებით დავით ჭაკუამ და მისმა თანამშრომლებმა გაითამაშეს სცენა, რომლითაც ციხის კადრების დადგმის ორგანიზება „ქართულ ოცნებას“ დაბრალებოდა.

„2012 წლის 25 აგვისტოს დაიწყო გამოძიება, რომელსაც საფუძვლად პროკურატურაში სასჯელაღსრულების მაშინდელი ერთ-ერთი ხელმძღვანელს ჭაკუას წერილი დაედო. მისი თმით, იყო ინფორმაცია, რომ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ პირებს პატიმრების ცემა და შემდგომ გადაღება უნდა დაედგათ. რა თქმა უნდა, დავიწყეთ გამოძიება, ბედუკაძე და ფარულავა ახდენდნენ ცემას და იღებდნენ ამ ვიდეოს, შემდეგ გაირკვა, რომ ამას ანგარებით აკეთებდნენ. ეს ეწერა ჭაკუას წერილში, რაც მახსოვს. 2012 წლის 17 სექტემბერს სატელევიზიო ეთერში შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მერვე დაწესებულების თანამშრომლები დააკავეს – „ბასტი“ და „ბუბუ“. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ პატიმრებს სცემეს და აღნიშნული ვიდეო გადაღებული იყო თამაზაშვილის და „ოცნების“ დაკვეთით. ეს პირები 18 ან 19 სექტემბერს დააკავეს, როცა ლადო ბედუკაძემ გაავრცელა წამების კადრები. საქმე გადმოეცა ანტიკორუფციულ დეპარტამენტს და 10-მდე პირი დააკავეს – მკურნალიძე, ჭაკუა, მათი მოადგილეები და სხვა თანამშრომლები. ეს ადამიანები პატიმრების არაადამიანურ მოპყრობაში იღებდნენ მონაწილეობას, 2012 წელს შეიცვალა ხელისუფლება, როგორც ქვეყანაში, ისე პროკურატურაში. ამის შემდგომ, პროკურატურაში მოვიდნენ ადვოკატები და განაცხადეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფებს ​ სიმართლის თქმა სურდათ“, – განაცხადა გიორგი ლომთაძემ.

ლომთაძის ინფორმაციით, ადვოკატებმა თქვეს, რომ ბორის ფარულავა და ლადო ბედუკაძე სამსახურიდან გამოიძახეს და ხელმძღვანელის დავალებით, ყაზარმული გამოცხადდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ყაზარმული გამოცხადდა მას შემდეგ, რაც პატიმრებს სცემეს და გადაიღეს კადრები. ჭაკუა ვარაუდობდა, რომ ბედუკაძემ გამოიტანა კადრები. ჩატარებული მქონდა გაგა მკურნალიძის დაკითხვა, მის მიმართ არანაირი მუქარა ან ზეწოლა არ ყოფილა, რა ინფორმაციაც მქონდა, გადმომცა.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მაშინდელი იუსტიცის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის დავალებით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსმა ჭაკუამ და მისმა თანამშრომლებმა დადგეს სცენა, რომ ფურცხვანიძეს უნდა გადაეღო პატიმრების წამება და ცემა, ამ კადრების დადგმა და ორგანიზება დაბრალდებოდა „ქართულ ოცნებას“, ეს დადგინდა მოწმეთა ჩვენებებით და სხვადასხვა მტკიცებულებებით“, – განაცხადა გიორგი ლომთაძემ.