თბილისის საქალაქო სასამართლოში ვატო წერეთლის დაკითხვა მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ვატო წერეთლის დაკითხვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ვატო წერეთლის დაკითხვა მიმდინარეობს.

როგორც დაკითხვის დაწყებამდე ვატო წერეთელმა განაცხადა, საქმე, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობს, აბსურდულია.

„პირველი დღიდან ვითხოვდი ჩემს გამოკითხვას, როგორც კომპანიის დამფუძნებლის. სამწუხაროდ, ჯერ ადამიანებს წაუყენეს ბრალი და შემდეგ დამიბარეს მე გამოკითხვაზე. ჩემი აზრით, ეს არის სრული იდიოტიზმი, ამიტომ შევალ და ვეცდები ყველა კითხვას გავცე პასუხი. ჩემი აზრით, ახლა რაც ხდება საქმესთან მიმართებაში, წარმოუდგენელია და თუ უნდათ, რომ ხალხმა დასცინოს ამ ქეისს, ამას მიაღწევენ“, – განაცხადა ვატო წერეთელმა.

„სამგორი თრეიდისა“ და „სამგორი M“-ის ერთ-ერთი მეწილე და „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 2018 წლის 2 აგვისტოს დაწყებული გამოძიების ფარგლებში იკითხება.

პროკურატურის ინფორმაციით, ამავე საქმის ფარგლებში „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ბრალი ფულის გათეთრების მუხლით აქვთ წაყენებული.

„დღევანდელ პროცესზე ვახტანგ წერეთლის დაკითხვა უნდა ჩატარდეს იმ ტრანზაქციებთან დაკავშირებით, რომელ ტრანზაქციებზეც ბრალდება წარედგინა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ვინაიდან ვახტანგ წერეთელი წარმოადგენდა იმ პერიოდში „სამგორი ემისა“ და „სამგორი თრეიდის“ წილების მფლობელს. სწორედ აქედან გამომდინარე, არსებობს მასთან შეკითხვები. გამოძიება არის განგრძობადი პროცესი და მტკიცებულებების მოპოვება ხდება ეტაპობრივად, ბუნებრივია ყველა მტკიცებულების ერთდროულად მოპოვება არის შეუძლებელი. მტკიცებულებების მოპოვება მიმდინარეობს ეტაპობრივად. მას შემდეგ რაც შევაფასეთ მოპოვებული მტკიცებულებები და გავაანალიზეთ თუ ვისი დაკითხვა იქნებოდა საჭიროდ, დავდექით ამ აუცილებლობაზე და სწორედ ახლა ვკითხავთ წერეთელს“, – განაცხადა საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა.

„2008 წლის აპრილსა და მაისში,  შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M”-მა, თითქოსდა კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით „თიბისი ბანკისგან“ სესხის სახით მიიღეს 16 664 000  აშშ დოლარი. იმავე დღეს, აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად საბანკო ანგარიშებზე. გამოძიების ფარგლებში  მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, სწორედ ამ თანხის – „სამგორი თრეიდისა“ და  „სამგორი M”-დან მიღებული 16 664 000 აშშ დოლარის უკანონო  ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გამოძიება გრძელდება და დაგეგმილია საქმესთან შემხებლობაში  მყოფი ყველა პირის გამოკითხვა“, – ნათქვამია პროკურატურის 6 ივლისის განცხადებაში.

ვატო წერეთლის საგამოძიებო უწყებაში დაბარების შემდეგ განცხადება გაავრცელა თავად ბიზნესმენმა, სადაც დაწერა, რომ „ტვ პირველი“ „არც არავის გავლენის ქვეშ გადავა და არც არავის ტრენდზე“.