თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორიზმის საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორიზმის საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება

ტერორიზმის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაგრძელდება. ექვსი ბრალდებულის საქმეზე სხდომა დაცვის მხარის შესავალი სიტყვით დაიწყება.

ერთ-ერთი ბრალდებულის, ზურაბ იდიოძის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამამართლებელ განაჩენს ელოდება. დავით მოდებაძის განცხადებით, პროკურატურას არ გააჩნია ბრალის დამადასტურებული მტკიცებულებები.

ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარე ზურაბ გორნაკაშვილთან და ბადურ ჩოფანაშვილთან საპროცესო შეთანხმებით ცდილობს სასურველი ჩვენებების მიღებას და შემდგომ ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოჩენას.

„ამ საქმეში, ყოველ შემთხვევაში იდოიძის მიმართ, გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს. ბრალდების მხარეს არათუ ღირებული მტკიცებულებები, საერთოდ მტკიცებულებები არ აქვს. პრკურატურას სურს, ჩოფანაშვილსა და გორნაკაშვილს გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება, რათა იდოიძის ბრალი დაადასტუროს. პროკურატურას უნდა, რომ იდოიძის ბრალი გაამყაროს ჩოფანაშვილისა და გორნაკაშვილის ჩვენებებით, ვინაიდან სხვა მტკიცებულებები ბუნებაში არ არსებობს. გორნაკაშვილი და ჩოფანაშვილი გამოეყვნენ ძირითად საქმეს. ისინი წარმოდგენილები არიან, როგორც მოწმეები და არა როგორც ბრალდებულები. სამართლებრივი ხრიკი იხმარა პროკურატურამ, ცდილობენ, რომ მტკიცებულებები როგორც ღირებული, ისე წარმოაჩინონ. ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებულ პირებს სახელმწიფო საპროცესო შეთანხმებას უფორმებს, ეს რას ნიშნავს? ასე რომ, აქ პროკურატურას უფრო მეტი დაფიქრება მართებს“, – აცხადებს ადვოკატი დავით მოდებაძე.

ზურაბ ​გორნაკაშვილისა და ბადურ ​ჩოფანაშვილის საქმე ტერორიზმის ძირითად საქმეს გამოეყო. ახლა გამოძიება ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას ორ პირს ედავება, ხოლო ოთხს – ტერორისტული ორგანიზაციის წევრთა ხელშეწყობას. მათგან ერთი მიმალვაშია. დაკავებულები გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში თბილისსა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აიყვანეს.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზეა ჩანიშნული.