საბოტაჟის საქმეზე სასამართლო სხდომები დახურულ რეჟიმში გაგრძელდება

16:25, 23.02.2026

თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების სასამართლო სხდომები დახურულ რეჟიმში გაგრძელდება.

გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მახარობლიძემ მიიღო.

აღნიშნულს წინ უძღოდა ადვოკატსა და მოსამართლეს შორის შელაპარაკება.

ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლეს მიმართა, რომ ჩაქუჩს ნუ ურტყამდა მაგიდას. ასევე, ამაზე კომენტარი გააკეთა ნიკა გვარამიამ და აღნიშნა: „აბრახუნე, მე არ მაქვს პრობლემა“.

მოსამართლის თქმით, ასეთი საუბარი სასამართლოს შეურაცხყოფაა და პროცესზე დამსწრეებს დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა.

ამასთან, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შუამდგომლობას დააყენებენ სასამართლო სხდომის გახსნის თაობაზე.

„პროცესი საჯარო რომ უნდა იყოს, ჩემთვისაც მნიშვნელოვანია და საქართველოს კანონმდებლობისთვისაც. პრაქტიკულად, ყველა წამყვანი პოლიტიკური ლიდერი დღეს იმყოფება დარბაზში, განსასჯელის სკამზე, თან ისე, რომ არავინ ვიცით, რაში გვედება ბრალი. მარტო მუხლი ვიცით და რა ქმედებებში გამოიხატებოდა – არა. კიდევ დავაყენებთ შუამდგომლობას სხდომის გახსნასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, ირაციონალური ბრაზი გადაუვლის მოსამართლეს. ჩვენ უნდა მივყვეთ ჩვენს გზას და მივაღწიოთ შედეგებს, თორემ „ქოცები“ და მათი სასამართლო რას გააკეთებს, გასაგებია“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ საბოტაჟის, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ.

მსგავსი