თბილისის საქალაქო სასამართლოში პატიმრების წამების საქმეზე ირმა ინაშვილი იკითხება
თბილისის საქალაქო სასამართლოში პატიმრების წამების საქმეზე ირმა ინაშვილი იკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, პატიმრების წამების საქმეზე დეპუტატი ირმა ინაშვილი იკითხება. 2011-2012 წლებში ინაშვილი „ობიექტივის” დამფუძნებელი და ერთ-ერთი უფლებადამცველი ორგანიზაციის, „წინაამღდეგობის” წევრი იყო, რომელიც საპატიმრო დაწესებულებებში არსებულ ვითარებას სწავლობდა.

სასამართლო სხდომაზე ინაშვილმა განაცხადა, რომ „ობიექტივის” არქივში არაერთი ვიდეომასალა არსებობს, რაც პატიმრების წამებას ადასტურებს.

“2011-2012 წლებში მედიაკავშირ „ობიექტივის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროზე მომუშავე ორგანიზაციის წევრი ვიყავი. იმ პერიოდში ციხეებში, არაერთ დაწესებულებაში ხდებოდა პატიმართა წამება. მე, როგორც ჟურნალისტს ინფორმაციას ინტენსიურად მაწვდიდნენ ადვოკატები და ნაწამები პატიმრების ოჯახის წევრები. მასალები მედიაკავშირის არქივში კიდევ არის და მზად ვარ გადავცე სასამართლოს. გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან თვეში ორჯერ ან სამჯერ გვირეკავდნენ, გვაწვდიდნენ ინფორმაციას პატიმრის ცემის, ან მოკვლის შესახებ. წამებით მოკლული პატიმრის გვამიც გვაქვს გადაღებული. დიაგნოზში გარდაცვალების მიზეზად ყოველთვის C ჰეპატიტი ეწერა, მაგრამ კადრები ცხადყოფს, რომ გარდაცვლილებს სილურჯეები და ჭრილობები აღენიშნებოდათ, ისინი იყვნენ ნაწამები და მიზეზი არ იყო C ჰეპატიტი ან გულის უკმარისობა. მაშინდელი ძალოვანი სტრუქტურები ვალდებულები იყვნენ გამოხმაურებოდნენ ამას, მაგრამ  ვისმენდით განცხადებებს, რომ ციხეში იდილია და დემოკრატია იყო. ეს იყო ტყუილი.” – განაცხადა ინაშვილმა.

შეგახსენებთ,  სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, დავით ჭაკუასა და იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს ბრალად 2012 წლის არჩევნებამდე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებითა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციით, პატიმრების ცემის ორგანიზება ედებათ.

ბრალდების მტკიცებით, ზურაბ ადეიშვილის დაკვეთით, წინა ხელისუფლება ცდილობდა, ციხეში პატიმრების ცემა ციხის სკანდალური კადრების გამოქვეყნებამდე გაევრცელებინა და „ქართული ოცნების” დაკვეთად გაესაღებინა.