თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა მიმდინარეობს.

დღეს ბრალდების მხარის ხუთი მოწმე დაიკითხება.

ამასთან დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე კიდევ ერთხელ დააყენებს სხდომის გახსნასთან დაკავშირებით შუამდგომლობას.

„ჩვენთვისაც და ალბათ საზოგადოებისთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ხორავას ქუჩის ბინდით მოცული საქმე გახდეს ცნობილი. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს, გვინდა, რომ ყველამ თავისი თვალით ნახოს რა ხდება, როგორ ხდება, ვის რა ხარვეზი აქვს დაშვებული ამ საქმეში. მიხეილ კალანდია პოლიტიკური პატიმარია, ამას ვამბობთ ღიად. ის არის პოლიტიკური ინტერესების მსხვერპლი. ორი პოლიტიკური პარტიის „ევროპული საქართველოს“ და „ქართული ოცნების“, – განაცხადა ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ.

მიხეილ კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.