თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა გაგრძელდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა გაგრძელდება.
დღევანდელ პროცესზე ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გუგა ბარბაქაძე მოწმის სტატუსით უნდა დაიკითხოს.
მიხეილ კალანდიას უფლებადამცველი ზურაბ თოდუა აცხადებს, რომ მოწმის მიმართ ლეგიტიმური კითხვები გააჩნია.
კალანდიას ადვოკატი ასევე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძე დაინიშნა, კალანდია არ იქნება უზრუნველყოფილი სამართლიანი, დამოუკიდებელი სასამართლოს უფლებით.
„დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხება ბრალდების მოწმე ბარბაქაძე. სავარაუდოდ ის ჩვენ მოგვიყვება ცენტრალურ კრიმინალურ დეპარტამენტში შეთხზულ ზღაპარს, რასაც ჩვენ ვამხელთ თავიდან ბოლომდე. ბარბაქაძე არის მოწმე, რომელიც არის მსჯავრდებული სისხლის სამართლის დანაშაულისთვის, უშუალოდ დადუნაშვილის მკვლელობისთვის და საქმის მასალებით არის თვითმხილველი სარალიძის მიმართ დამდგარი ფატალური შედეგის გარემოებების შესახებ. მე მასთან მაქვს ლეგიტიმური კითხვები და ასევე, მისგან ველოდები ლეგიტიმურ პასუხს. ასევე, მინდა, განვაცხადო, რომ შოთაძის გენერალურ პროკურორად დანიშვნის შემთვევაში, წარმოიქმნება უზარმაზარი საფრთხე იმისა, რომ კალანდია არ იქნება უზრუნველყოფილი სამართლიანი, დამოუკიდებელი სასამართლოს უფლებით. სასამართლოს მივმართავ, რომ იყოს მიუკერძოებელი, ნუ გაიზიარებს სხვადასხვა, მათ შორის პოლიტიკური ძალების, თუნდაც გენერალური პროკურორის მოსაზრებებს და დამოუკიდებელი დარჩეს ბოლომდე. თუ არ დარჩება, პირდაპირ ვაცხადებ, რომ საქართველოს სახელმწიფოს ძალიან ძვირად დაუჯდება ამ პოლიტიკური დაკვეთის შესრულება კალანდიას მიმართ“, – განაცხადა ზურაბ თოდუამ.
მიხეილ კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.