თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ კალანდიას პროცესი განახლდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ კალანდიას პროცესი განახლდება

დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას პროცესი გაიმართება დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. სხდომაზე ბრალდების მოწმეები დაიკითხებიან.

კალანდიას უფლებადამცველის განცხადებით, მას არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ინფორმაციის მატარებელი მოწმეები დაიკითხებიან პროცესზე.

„დღევანდელი დღე ქართული სასამართლოს სინამდვილისთვის ძალიან არაორდინარულია სამი რამით. კერძოდ: საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრის განხილვა, რომლითაც გენერალური პროკურატურა ითხოვს ბარბაქაძის ბრალდებულად ცნობას. იგივე გენერალური პროკურატურა საქალაქო სასამართლოში ამტკიცებს, რომ ეს მკვლელობა ჩაიდინა მიხეილ კალანდიამ. ანუ ორი ურთიერთგამომრიცხავი პოზიცია აქვს ერთ სახელმწიფო ბრალდებას. საინტერესო ის არის, რომ ამ ორი სასამართლო პროცესის პარალელურად, მშვიდ და წყნარ გარემოში მიმდინარეობს საპროკურორო საბჭოს მორიგი სხდომა, ისევ 12:00 საათზე, სადაც დავალება ამ სცენარისა არის, რომ არ იყოს ბუნტი და მშვიდად ჩაიაროს ყველაფერმა. რადგან ბრალდების რიგია მტკიცებულებების გამოკვლევისა, მე არ მაქვს ინფორმაცია, რამდენ მოწმეს მოიყვანს და ვის მოიყვანს ბრალდება. ამის ვალდებულება პროკურორს არ გააჩნია. პირიქით, ეს მათი სტრატეგიაა და როდესაც დაცვის მტკიცებულებების გამოკვლევა ხდება, ჩვენც არ ვაყენებთ საქმის კურსში პროკურატურას და წინასწარ არ ვეუბნებით, ვინ მოგვყავს, ფაქტის წინაშე ვაყენებთ. აქედან გამომდინარე, ვერ ვიმსჯელებ დღევანდელ პროცესზე“, – განაცხადა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.

მიხეილ კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა გასული წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.