თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის საქმეზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი სპეცრაზმელი გამოიკითხა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის საქმეზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი სპეცრაზმელი გამოიკითხა

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძის და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ 9 პირის პროცესზე ბრალდების ორი მოწმე – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელი, დაზარალებული სპეცრაზმელები დაიკითხნენ.

როგორც დაზარალებულმა სპეცრაზმელმა, გიორგი გობრონიძემ განაცხადა, 29 ნოემბერს პიროტექნიკის ნაწილი მოხვდა და ზურგის არეში დამწვრობა მიიღო. მისივე თქმით, არ იცის, ვისგან იყო ნასროლი პიროტექნიკა, რომლის ნაწილმაც დააზიანა, შესაბამისად, ვერცერთ ბრალდებულს ხელს ვერ დაადებს. თუმცა განმარტა, რომ თუკი ბრალდებულებს ბრალი დაუდასტურდებათ, მათთან პრეტენზია ექნება.

„29 ნოემბერს აქციაზე ჭიჭინაძის ქუჩის ბოლოში ვიყავი თანამშრომლებთან ერთად და მივიღე დაზიანება. ქვების, ჯოხების, ქილების სროლა იყო. მომხვდა და დამიზიანდა ზურგი. სროლა იყო აქციის მონაწილეების მხრიდან, ვინ ისროდა, არ ვიცი. მესამე ხარისხის დამწვრობა მივიღე. დაზიანების მიღების შემდეგ მივედი სამედიცინო მანქანასთან, შემდეგ ხეჩინაშვილის კლინიკაში გადამიყვანეს. ზურგის დამწვრობა და წელის მიდამოში მქონდა დაზიანება. პიროტექნიკის ნაწილი მომხვდა, რომელიც მოფრინავდა აქციის მონაწილეების მხრიდან“, – განაცხადა გიორგი გობრონიძემ.

მანამდე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კიდევ ერთი სპეცრაზმელი, დაზარალებული ლაშა გელაშვილი დაიკითხა, რომელმაც განაცხადა, რომ ფეხში აქციის მონაწილეებისგან ნასროლი ქვა მოხვდა.

„ქვა მესროლეს ფეხში, მარჯვენა ფეხის კოჭში, წავიქეცი, ფეხი მქონდა ნაღრძობი, ჩამისვეს თაბაშირში, პირველადი დახმარება გამიწიეს თანამშრომლებმა, სასწრაფო იდგა იქ და დამიმუშავეს, 12 საათი იქნებოდა, 2 საათზე უკვე კავკასიის მედიცინის ცენტრში ვიყავი“, – განაცხადა გელაშვილმა.