თბილისის საქალაქო სასამართლოში ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს.

გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე სასამართლო სხდომას ესწრებიან. დღევანდელ პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ.

ხუსკივაძეს და კობალაძეს ბრალად ედებათ ჯგუფურად განხორციელებული იძულება, მუქარა და ქრთამის მიცემა, ასევე, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.

„ჩვენი სასამართლო პროცესი გრძელდება. გადავდივართ იმ ეტაპზე, როდესაც უკვე მოწმეთა დაკითხვა მოხდება. ჩვენთვის საერთოდ გაუგებარია, როგორ შეიძლება, ირიბი მოწმეები მტკიცებულებად მიიღოს სასამართლომ, თუმცა მათივე გამოსვლები მეტყველებს იმაზე, რომ ერთ-ერთი მოწმე ზაალ ზაალიშვილი თუკი ჩვენებაში წერს, რომ ჩვენ გარდაცვლილს ვაშინებდით ან რაღაცებს ვთავაზობდით, უკვე მერე ტელევიზიის ეთერში ასაბუთებს, რომ თურმე კი არ ვაშინებდით, ვეუბნებოდით „არ გრცხვენია“ და ა.შ. საკუთარ თავს ეწინააღმდეგება თავისივე ჩვენებითა და სატელევიზიო გამოსვლებით.

მოწმეებთან კითხვები ნებისმიერ შემთხვევაში გვექნება. სირცხვილია, როდესაც მოქმედი მაღალჩინოსნები კონკრეტულ საქმეზე მოწმეები არიან, მათ შორის ცესკო-ს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ და სახელმწიფოს მხრიდან კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ მაქსიმალურად ცდილობენ „გააპრავონ“ 2020 წლის არჩევნები. შესაბამისად, ყველას ჩირქი მოსცხონ, ოღონ თვითონ თქვან, რომ ეს არჩევნები თითქოს კარგად ჩატარდა“, – განაცხადა აკაკი ხუსკივაძემ.

მეორე ბრალდებული, აკაკი კობალაძე კი აცხადებს, რომ ამ საქმეში გამართლება მისთვის ღირსების საკითხია.

სხდომაზე კობალაძემ სასამართლოს მიმართა და განაცხადა, რომ თედო გობეჯიშვილი მისი ბავშვობის მეგობარი იყო, რომელსაც 14 წლიდან იცნობდა. მისივე განცხადებით, თედო გობეჯიშვილი გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე მასთან სახლში იმყოფებოდა, სადაც დილამდე ქეიფობდნენ.

„ვიყავით უახლოესი მეგობრები. გამორიცხულია ჩემგან თედოზე ზეწოლა, თან თედო არ იყო მარტივად დასაჩაგრი ადამიანი. ბრალდებას თუ დავუჯერებთ, მის ოჯახს ვემუქრებოდი, მერე მივდივარ და არჩევნებთან დაკავშირებით რაღაცებს ვასაჯაროებ ერთ-ერთ ტელევიზიაში? მე ვარ პოლიტოლოგი, ეს არის ჩემი პროფესია.

თედო იყო ჩემთან, დილის 08:00 საათამდე ვქეიფობდით, სახლში მიდის დილით და ოჯახის წევრები ამბობენ, კარგ ხასიათზე იყოო. მე ვიკითხებოდი ერთ ოთახში, ჩემი მეუღლე მეორე ოთახში. სასწრაფოდ მოიყვანეს ჩემი სიდედრი და განახორციელეს ჩხრეკა, ეს რა საჭირო იყო?“, – განაცხადა აკაკი კობალაძემ.

შეგახსენებთ, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილი 7 ნოემბერს გარდაიცვალა.