თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული რვა პირის სასამართლო პროცესი იმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული რვა პირის სასამართლო პროცესი იმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული რვა პირის სასამართლო პროცესი იმართება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე საბა ჩხარტიშვილის, საბა გოგშელიძისა და ირაკლი წაქაძის ადვოკატებს მათი დაცვის ქვეშ მყოფების გათავისუფლების მოლოდინი აქვთ. ადვოკატების განცხადებით, ისინი მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას დააყენებენ. პარალელურად არსებობს ყველა საჭირო თანხმობა საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად. მათ ბრალად ედებათ ძალადობა და ამ საქმის პირველ ეპიზოდში, მხოლოდ ნარეკვავის აგარაკზე მომხდარ დაპირისპირებაში ფიგურირებენ.

პროკურორ ნუგზარ ჭიტაძის განცხადებით, დაცვის მხარემ წინასწარ შეატყობინა, რომ სამი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე შუამდგომლობის დაყენებას აპირებენ.

„სამ პირს ბრალი ედება ძალადობაში, ასევე მსუბუქი ხარისხის დაზიანებაში. ეს უკავშირდება აგარაკზე მომხდარ ჩხუბს და შემხებლობაში არ არის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტთან. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარე დაცვის მხარის შუამდგომლობას, გარემოებებს შეაფასებს და არგუმენტირებულ პასუხს სასამართლო პროცესზე გასცემს. ბრალდების მხარე კატეგორიულად ადასტურებს, რომ მოცემულ მომენტში ამ სამ ბრალდებულთან მიმართებაში საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. აღიარებითი ჩვენებაც უნდა იყოს, მტკიცებულებებს უდაოდ თუ გახდიან, ამ მოცემულობას შევაფასებთ, ასევე დაცვის მხარის დასაბუთებასაც მოვახდენთ“, – განაცხადა პროკურორმა.

პარალელურად, მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს სხდომა, სადაც საქმის მთავარ ნაწილს, ანუ მკვლელობის ეპიზოდს განიხილავენ.