თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ზილფიმიანის ადმინისტრაციული სარჩელი განიხილება
თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ზილფიმიანის ადმინისტრაციული სარჩელი განიხილება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ზილფიმიანის ადმინისტრაციული სარჩელი განიხილება. მოსარჩელე მხარე თავად ზილფიმიანია, მოპასუხე მხარე კი შინაგან საქმეთა სამინისტრო.

საქმე ეხება 2012 წელს „სტერეო+“-ის დარბევას, რაზეც სისხლის სამართლის საქმეზე ძიებაც არის დაწყებული, თუმცა ამ დრომდე დაკავებული არავინაა.

დავით ზილფიმიანის განცხადებით, მისი კუთვნილი „სტერეო+“, რომელსაც „ტვ9“-თან ჰქონდა მომსახურების გაწევის მიზნით ხელშეკრულება გაფორმებული. ზილფიმიანი აცხადებს, რომ „სტერეო+“ წინა ხელისუფლების დავალებით, მათ შორის ზურაბ ადეიშვილისა და დავით ბეჟუაშვილის ხელმძღვანელობით დაარბიეს, ზარალი კი მილიონობით ლარს შეადგენდა.

„2012 წლის მაისში მოხდა „სტერეო+“-ის დარბევა. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო პერიოდი. ამ დროს „ტვ9“ ჩნდება, რომელიც იწყებს მათი ნამოღვაწარის, ცოცხების კადრების, ციხის კადრების გავრცელებას. კონტრაქტი ფორმდება „სტერეო პლიუსთან“, ისეთივე როგორიც ყველა კომპანიას გაქვთ გაფორმებული. „სტერეოს“ უნდა გაეწია მომსახურება. მიიღეს გადაწყვეტილება „სტერეოს“ დარბევაზე, რათა მოსახლეობას ის ციხის კადრები და ის ვაჟკაცობები არ ენახა. აი, ეს პერიოდია, „იმედი“ უკვე დარბეული იყო და თავიანთ პროგრამაზე იყო. ერთი გამონაკლისი არხი იყო და მთელი ტალღა „სტერეო პლუსზე“ წამოვიდა. სავსეა „იუთუბიც“ ამ კადრებით. იმავე კვირას, როგორც კი დაგვარბიეს, ჩვენ საჩივარი შევიტანეთ პროკურატურაში. სისხლის სამართლის გამოძიება აღძრულია და დღემდე მზის შუქი ვერ ნახა ამ საქმემ. ეს განახორციელა ხელისუფლებამ კონკრეტული ძალოვანი სტრუქტურების მეშვეობით. ეს იყო ადეიშვილი, რომელმაც ბეჟუაშვილს დაავალა ამის განხორციელება. მეორე ხაზი იყო შს მინისტრი და მესხელი.

როგორ წარმოგიდგენიათ დღევანდელმა ხელისუფლებამ ის იკადროს, რომ გათიშოს ის არხები, რაც არ მოგწონს, თორემ დაგარბევო. აი ეს გააკეთეს და დამარბიეს. ადმინისტრაციული სარჩელი იმიტომ, რომ გამოსავალი მე არ მრჩება, დღემდე არ მიიტანეს სასამართლომდე. ადმინისტრაციულ სარჩელში ვედავები იმდროინდელ შს სამინისტროს, რადგან დამრბევები იყვნენ ისინი. ეს დადგენილია. მათ გადაიცვეს მგლის ფორმები. „მგლები“ იყვნენ მაშინდელი კერძო დაცვის სამსახური. ზარალი რამდენიმე მილიონი იყო და იმდროინდელმა ექსპერტებმა რაღაც კაპიკები, რამდენიმე ასეული ლარი დაადგინეს. ეს ასეული ათასიც კი დღემდე სადავოა და ამაზეა განხილვა. პროკურატურა ცდილობს, 10 წელი გაიწელოს და მერე ჩამოწერონ. ექვსი თვეა დარჩენილი. ეს არ მოხდება, გამორიცხულია. შოთაძეს მოუწევს პასუხების გაცემა. დღეს ველოდებით კომპანია „მგლების“ დირექტორს, რომელმაც ჩვენება უნდა მისცეს. ეს კერძო დაცვის კომპანია იყო და შსს-ს დაავალა ფორმები. შსს-ს თანამშრომლებმა ამათი ფორმები ჩაიცვეს“,- განაცხადა დავით ზილფიმიანმა.