თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 20-21 ივნისის აქციის საქმეზე, ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ბესიკ თამლიანის საქმის განხილვა გაგრძელდა. დღევანდელ სხდომაზე, ბრალდების მხარემ გამოიკვლია მთავარი ვიდეომტკიცებულება, რომელშიც 20 ივნისის აქციის დეტალები და ბესიკ თამლიანის მოქმედებებია ასახული.
პროკურორის თქმით, ჩანაწერში კარგად ჩანს, როგორ უპირისპირდება თამლიანი სამართალდამცველებს.
დაცვის მხარე კი აღნიშნავს, რომ ვიდეომტკიცებულება ბესიკ თამლიანის გამამართლებელია, რადგან კადრებში ჩანს, რომ თამლიანის მხრიდან ძალადობას და თავდასხმას ადგილი არ ჰქონია.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ, ადვოკატმა ლევან იოსელიანმა შუამდგომლობის დაყენება ვერ მოასწრო. ადვოკატს აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა უნდა დაეყენებინა.
„მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე ვართ. პრაქტიკულად, გამოვიკვლიეთ მტკიცებულებები, დარჩა რამდენიმე შეკვრა, რომელიც დღეს ვერ მოესწრო. გამომდინარე იქედან, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ვერ მოესწრო, ვერ გადავედით სხვა ეტაპზე, სადაც დავაყენებდით შუამდგომლობას პატიმრობის შეცვლის თაობაზე. პროკურორებმა ვერ დაადასტურეს ის გარემოება, რომ მათი ბრალდების მოწმეების დაკითხვა დასრულდა. რაც წარმოადგინეს ვიდეომტკიცებულება, ადასტურებს ბესიკ თამლიანის უდანაშაულობას. კადრებში ჩანს, რომ არათუ თავს ესხმის პოლიციას, არამედ უბრალოდ ფარს რამდენჯერმე ხელით უკაკუნებს, ეს ვერ ჩაითვლება პოლიციელზე თავდასხმად. ეს მტკიცებულება არის მთავარი მტკიცებულება, რომელიც იქნება მისი გამამართლებელი განაჩენის წინაპირობა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
პროკურორი ვაჟა თოდუა კი აცხადებს, რომ პროცესზე წარდგენილ ვიდეომასალაში ბესიკ თამლიანის კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები ჩანს.
„ჩანს, როგორ ართმევს ის პოლიციის თანამშრომელს ფარს. ასევე, ჩანს, როგორ ურტყამს პოლიციის თანამშრომლებს ხელს ფარზე და ახორციელებს სხვა ძალადობრივ მოქმედებებს, ასევე ბრალდების მხარემ დღევანდელ სხდომაზე გამოიკვლია წერილობითი მტკიცებულებები და ნივთიერი მტკიცებულებების ნაწილი. ეს არის სხვადასხვა ხის საგნი, რომლებსაც იყენებდა სხვადასხვა პირი აღნიშნულ ძალადობრივ მოქმედებებში“, – განაცხადა ვაჟა თოდუამ.