თბილისის საქალაქო სასამართლოში ბადრი ჯაფარიძის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბადრი ჯაფარიძის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ

თბილისის საქალაქო სასამართლო პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

სხდომაზე ბრალდების მხარე გირაოს სახით 50 000 ლარის შეფარდებას ითხოვს. პროკურორის განცხადებით, საქმეში არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც სისხლის სამართლის კანონის დარღვევა დგინდება.

„ბრალდების მხარე ითხოვს გირაოს 50 000 ლარის ოდენობით, ყოველგვარი დამატებითი ღონისძიების გარეშე. გამოძიება მიმდინარეობს დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე, შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით იკვეთება ბრალდებულის მიერ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა“, – განაცხადა პროკურორმა, მარიამ მეშველიანმა.

თავად ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეები რეპრესიების ახალი ტალღაა, რითიც მმართველი გუნდი ოპონენტების დევნას და გაშავებას ცდილობს.

„არაერთხელ გვითქვამს, ეს არის რეპრესიების ახალი ტალღა „ქართული ოცნების“ მხრიდან. რა თქმა უნდა, არანაირ კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ეს არის კონსტიტუციის დარღვევით შექმნილი ე.წ. საგამოძიებო კომისია, რომლის ერთადერთი ამოცანაა ოპონენტების დევნა, შევიწროება, გაშავება. ეს სასამართლო პროცესი ელვისებურად ჩაინიშნა, მზად ვართ, ნებისმიერი გამოწვევისთვის“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.