თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვნების პორნოგრაფიაში ჩართვის საქმეზე სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვნების პორნოგრაფიაში ჩართვის საქმეზე სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვნების პორნოგრაფიული ფოტო-ვიდეო მასალის დამზადება-გასაღების საქმეზე ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული სხდომა მიმდინარეობს.

სასამართლო პროცესი დაწყებიდან რამდენიმე წუთში დაიხურა, საქმეში არასრულწლოვნების მონაწილეობის მოტივით.

პროკურატურა 11 დაკავებული პირის მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ადვოკატები კი, აცხადებენ, რომ პატიმრობის საფუძვლები არ არსებობს, რადგან არც ერთი ბრალდებული არ ადასტურებს გამოძიების ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მშობლებმა იცოდნენ, რომ მათ შვილებს პორნოგრაფიულ კადრებს უღებდნენ და ამაში თანხები ერიცხებოდათ. ადვოკატების ნაწილი გეგმავს, რომ დღევანდელ სხდომაზე ალტერნატივის სახით გირაოს შუამდგომლობით მიმართონ სასამართლოს.

როგორც საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი მშობლის ადვოკატმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი შვილის არც ფოტოგადაღებას ესწრებოდა და არც თანხა აუღია.

„მას არ აქვს არანაირი მოტივი და ინტერესი, რომ ეს ფაქტი მომხდარიყო. მან არ იცოდა მის შვილთან დაკავშირებით როგორი მოვლენები ვითარდებოდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არცერთი თეთრი არ აუღია. შესაბამისად, რა ტიპის გადაღება ხდებოდა, მისთვის უცნობი იყო.

დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთ გადაღებაში მონაწილეობა არ მიუღია და არ დასწრებია, არ აუღია არც ერთი თეთრი, რასაც ბრალდება ედავება“, – აცხადებს დავით ჭიკაიძე.

შესაბამისად, ადვოკატი დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებს.

კიდევ ერთი ბრალდებული მშობლის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ეუბნებოდნენ, რომ არასრულწლოვან შვილს ჟურნალისთვის იღებდნენ. ადვოკატი ზაზა გიგაური ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ორჯერ წაიყვანა შვილი გადაღებაზე, თანხაც აიღო, მაგრამ პორნოგრაფიული ხასიათის გადაღებაზე წარმოდგენა არ ჰქონდა.

„ის ელოდებოდა, რომ ჟურნალს მისცემდნენ, სადაც მისი შვილის ფოტოები იქნებოდა, თუმცა არ მიუციათ”, – განაცხადა ადვოკატმა.

ის დღევანდელ სხდომაზე კისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს.

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით შსს-მ ბავშვების მშობლები და პედაგოგი დააკავა.