თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე სხდომა გაიმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე სხდომა გაიმართება

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დაცვის მხარე ბრალდებულ გ.ბ-სთან დაკავშირებით დასკვნით სიტყვას წარმოადგენს. ადვოკატის განცხადებით, ეს ის პირია, ვინც პროკურატურის მიერ შეთავაზებულ საპროცესო შეთანხმებაზე უარი განაცხადა.

სალომე კალაიჯაშვილის თქმით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ცხრა ბრალდებულთან დაკავშირებით საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

„სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოადგენს, ბრალდებულ გ.ბ-სთან დაკავშირებით. ეს სწორედ ის პირია, ვისაც სასჯელის სახედ და ზომად სამიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მან უარი განაცხადა პროკურატურის მიერ შემოთავაზებულ საპროცესო შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც, მას მხოლოდ ერთი წლის გატარება მოუწევდა პენიტენციურ დაწესებულებაში. მის მიმართ საქმეში არსებობს კრეფსები და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები, შესაბამისად, სასამართლომ მხოლოდ ამ ორი მტკიცებულების საფუძველზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ასევე სასამართლომ უნდა გამოაცხადოს შემაჯამებელი გადაწყვეტილება იმ ცხრა ბრალდებულთან მიმართებით, რომლებთან დაკავშირებითაც პროკურატურამ იშუამდგომლა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. ამერიკელს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესჯება, შესაბამისად იგი პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის სასჯელს. რაც შეეხება დანარჩენ პირებს, ხუთიდან ექვს წლამდე მერყეობს მათი სასჯელის ვადა, შესაბამისად, ისინი სასჯელის ნაწილს მოიხდიან პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილი კი პირობითი მსჯავრის სახით ჩაეთვლებათ“, – განაცხადა ადვოკატმა, სალომე კალაიჯაშვილმა.

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით სულ 24 პირია დაკავებული. საქმეში დაზარალებული 23 არასრულწლოვანია, რომელთა ასაკი რვიდან 14 წლამდეა.