თბილისის საქალაქო სასამართლოში ანტონ ჩეჩინის საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ქიმიური ექსპერტი დაიკითხა
თბილისის საქალაქო სასამართლოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული რუსეთის მოქალაქის, 26 წლის ანტონ ჩეჩინის პროცესზე ბრალდების მოწმეთა გამოკითხვა დაიწყო.
პროცესზე ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ქიმიური ექსპერტი ლალი მჭედლიშვილი დაიკითხა, რომელმაც 2024 წლის 3 დეკემბერს შსს-ს მიერ წარდგენილი პაკეტის ქიმიური ექსპერტიზა ჩაატარა. როგორც ექსპერტმა თქვა, პაკეტში შვიდ გრამზე მეტი მოთეთრო ფერის ფხვიერი ნივთიერება აღმოჩნდა, რომელიც ნარკოტიკულ ნივთიერებას „ალფაპევეპეს“ შეიცავდა.
ანტონ ჩეჩინის ადვოკატი გიორგი ჩხაიძე გამოძიებას საქმის გაყალბებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ბრალდებულს დაკავებისას ნარკოტიკები ჩაუდეს. გიორგი ჩხაიძის განცხადებით, გამოძიებას არ აქვს ნეიტრალური მტკიცებულებები, არ მოხდა ჩხრეკის პროცესის ვიდეოგადაღება და ნეიტრალური მოწმეების დასწრება. როგორც ადვოკატი აცხადებს, თარჯიმანი ნეიტრალური მოწმე ვერ იქნება, რადგან შსს-ს მიერ იყო მიწვეული და შსს-ს მის თარჯიმანთა ბიუროსთან ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. გარდა ამისა, ადვოკატის თქმით, თარჯიმნისა და ჩხრეკაში მონაწილე ოპერატიული თანამშრომლის ჩვენება წერტილ-მძიმით იდენტურია, რაც ასევე ეჭვს იწვევს.
თავის მხრივ, პროკურორი ნეიტრალურ მტკიცებულებად მიიჩნევს თარჯიმნის ჩვენებას. ნუგზარ ჭიტაძის განცხადებით, აღნიშნულ თარჯიმანთა ბიუროს მხოლოდ საჯარო უწყებებთან არ აქვს ხელშეკრულება გაფორმებული და კერძო პირებსაც ემსახურება, ამასთან, მისი თქმით, იდენტურ ჩვენებებზე ბრალდება უსაფუძვლოა. ნუგზარ ჭიტაძის თქმით, ოპერატიული თანამშრომელი და თარჯიმანი აღწერენ იმ ფაქტებს, რომლებსაც შეესწრნენ.
გიორგი ჩხაიძე აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქე ანტონ ჩეჩინი 2024 წლის გაზაფხულის აქციების შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტში. ადვოკატი ჩეჩინის ნარკოდანაშაულზე დაკავებას აქციებში მის მონაწილეობას უკავშირებს, რასაც პროკურორი არ ეთანხმება.
მუხლი, რომლითაც ანტონ ჩეჩინისთვის ბრალია წარდგენილი, 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.