თბილისის საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ცხრა დემონსტრანტის პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ცხრა დემონსტრანტის პროცესი მიმდინარეობს.
ანდრო ჭიჭინაძის უფლებებს ადვოკატი ეკა ბესელია იცავს. როგორც ბესელიამ აღნიშნა, მან გადაწყვიტა, 13 წლის შემდეგ დაბრუნებულიყო სასამართლო დარბაზში და ამის მიზეზი, ბესელიას თქმით, სინდისის პატიმრების სიმტკიცე და თავისუფლებაა.
„გადაწყვეტილება, რომელიც თავის დროზე საკუთარ თავს მივეცი, რომ ვიდრე სასამართლო არ იქნებოდა თავისუფალი, ვიდრე არ დავინახავდი, რომ ამ მიმართვას ექნება ის სამართლებრივი ღირებულება, რომელიც მოსამართლეს უნდა ჰქონდეს თავისუფლების სახით, არ მივმართავდი არასდროს მოსამართლეს დარბაზში. რატომ შევცვალე ეს გადაწყვეტილება? ამის მიზეზია სინდისის პატიმრების გასაოცარი სიმტკიცე და მათი ის თავისუფლება, რომელიც ჩემთვის არის მთავარი მოტივაცია. მიმაჩნია, რომ ჩემს განწყობაზეც თუ სურვილზე უფრო მაღლა დგას ამ ადამიანების ფაქტორი. ეს არის ჩემთვის მთავარი მოტივაცია. სათქმელი ბევრი მაქვს სასამართლოსთვის და ალბათ ბევრი ადამიანის სათქმელს ვიტყვი დღეს. სამართლებრივი ანალიზი ძალიან ძლიერი გვაქვს. სხვათა შორის, სიმბოლურია, რომ დღეს 26 რიცხვია და 26 არგუმენტი მოვუმზადეთ მოსამართლეს. ყველა მათგანს ცალ-ცალკე რომ დაუფიქრდეს, საკმარისი იქნებოდა გამამართლებელი განაჩენისთვის.
მთავარი, რაც მინდა, დავანახო, სრული სურათია. სამართალი არ იზომება მხოლოდ ვიწროდ და იმ რაღაც კონკრეტული დეტალებით. დიდ სურათში არის დასანახი, რატომ არის დამოკიდებული ამ გადაწყვეტილებაზე არა მარტო ამ ადამიანების ბედი, არამედ საქართველოს ევროპული მომავალიც“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს. დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.