თბილისის საქალაქო სასამართლოში ანა დოლიძის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.
ანა დოლიძე უვადოდ გამწესების პროცესში მოსამართლეთა მხრიდან მისი აცილების შესახებ იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.
მოსამართლეთა უვადოდ გამწესების მიზნით გასაუბრება საბჭომ რამდენიმე თვის წინ ჩაატარა, რომლის დროსაც 15-მდე მოსამართლემ ანა დოლიძე აიცილა.
მომხდარს დოლიძე სასამართლო რეფორმების აუცილებლობისა და სისტემაში პრობლემების აღმოფხვრის შესახებ თავის კრიტიკულ განცხადებებს უკავშირებს. მისივე განმარტებით, აცილების დასაბუთება მწირია და ამის აუცილებლობა არ არსებობდა.
ანა დოლიძის ინტერესებს საქალაქო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს. ორგანიზაციის თავმჯდომარის, სულხან სალაძის თქმით, თუ სასამართლო პროცესი ობიექტურად წარიმართება, მან ბათილად უნდა ცნოს აცილების შესახებ გადაწყვეტილება, რაც იქნება პრევენცია, რომ მომავალში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვეღარ შეძლოს საბჭოს კრიტიკულად განწყობილი წევრების აცილება.
„მიგვაჩნია, რომ მსგავს შემთხვევაში, როდესაც განცხადება კეთდება არა კონკრეტულად რომელიმე მოსამართლესთან დაკავშირებით, არამედ ზოგადად სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების და აუცილებელი რეფორმების საჭიროების შესახებ, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სისტემის გაჯანსაღებისთვის, ასეთ ვითარებაში საბჭოს წევრის აცილებაზე მსჯელობა და საბჭოს წევრისთვის ხელის შეშლა, მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობის განხორციელებაში, მიუღებელია. შესაძლოა, ეს გახდეს ტენდენცია და იმის საფუძველი, რომ საბჭოს წევრს ჰქონდეს განცდა, თუ ღიად ისაუბრებს პრობლემებსა და გამოწვევებზე შესაძლოა, მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პროცესისგან მისი აცილება მოხდეს“, – განაცხადა სალაძემ.
რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, საბჭო აცხადებს, რომ ანა დოლიძის აცილების გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მიხედვით და მისი ბათილობის საფუძველი არ არსებობს.