თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მოწმის სახით ირაკლი რუხაძე დაიკითხა
არ ვიცი, რა ხდებოდა 2006 წელს, როცა გირგვლიანის ინციდენტი მოხდა, მაგრამ ეს იყო ამბავი, როდესაც ჩვენი ურთიერთობა აირია ხელისუფლებასთან. მოგვიანებით, ვითარება დალაგდა რკინიგზის თემის გარშემო. სააკაშვილი პატარკაციშვილს საქართველოს რკინიგზას უცვლიდა ტელევიზიაში, – ამის შესახებ „იმედის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი რუხაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა.
რაც შეეხება უშუალოდ ტელეკომპანია იმედში შეჭრას, რუხაძის თქმით, რეალურად მოხდა ტელევიზიაში შევარდნა, აპარატურის დამსხვრევა და დარბევა. მთელი აპარატურა გაანადგურეს.
„როცა ჩვენ დავბრუნდით, ვნახეთ „რუსთავი 2“-დან, „პირველი არხიდან“ გამოტანილი აპარატურა, რომლებსაც ამავე ტელევიზიის სტიკერები ჰქონდა მიკრული. ეს აპარატურა იმიტომ მოიტანეს, რომ ელჩებისთვის ეჩვენებინათ, აი, აქ არის აპარატურა, არაფერი გაგვინადგურებიაო. ბადრი პატარკაციშვილი იყო ინგლისში, რომელთანაც ურთიერთობა მქონდა სატელიტური ტელეფონით. საღამოს დავურეკე, მითხრა, რაღაც გავუგზავნე თარგამაძეს უნდა გაუშვას და არ უშვებსო. მთხოვა, თარგამაძესთან მიდი და უთხარი, რომ გაუშვასო. მივედი თარგამაძესთან და მითხრა, არ ვუშვებ ჩანაწერს, რადგან რისკიანია მისი გაშვებაო. მითხრა, საღამოს მოდი და ერთად გადავწყვიტოთო. დღის განმავლობაში ეს ჩანაწერი გაუშვა „რუსთავი 2-მა“, ოღონდ გადაკეთებულად. ბადრიმაც მითხრა, რომ ეს იყო გადაკეთებული ჩანაწერი, თქვა, რომ ამას ასე არ დავტოვებ და ვიბრძოლებო. რეალურად, რაც მოხდა ისაა, რომ ფაქტობრივად, ამან ბადრი პატარკაციშვილი მოკლა. გარდაცვალებამდე მე ვნახე ბადრი. ის იყო ღრმა დეპრესიაში, ტყეში დადიოდა, ოჯახს არ ელაპარაკებოდა. საკმაოდ შეცვლილი იყო“, – განაცხადა ირაკლი რუხაძემ სასამართლო სხდომაზე.
ამასთან, სააკაშვილის თქმით, „ტყუილია, ჩანაწერი იყო გადაკეთებული“.
„ტყუილებს ნუ ლაპარაკობ. მას შემდეგ, რაც პატარკაციშვილი მხილებულ იქნა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში, ეს დაიჯერეს მისმა ჟურნალისტებმა და დახურეს თავად ტელევიზია. სააკაშვილთან რა პრეტენზია გაქვთ? ბადრი პატარკაციშვილმა დახურა ტელევიზია მას შემდეგ, რაც არ დაემორჩილნენ მისი ჟურნალისტები, წერტილი… ჩემი ტყვეობა დროებითია. მე შევალ საქართველოს ისტორიაში, როგორც მისი აღმაშენებელი, თქვენ შეხვალთ, როგორც ტურები და გიენები“, – მიმართა სააკაშვილმა რუხაძეს.