თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისს დაკავებული ოთხი პირის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან
თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისს დაკავებული ოთხი პირის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილის, ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან.

როგორც ადვოკატი ვახტანგ იაშვილი აცხადებს, დაკავებულები პოლიტიკურად იდევნებიან.

„სამართლებრივად დასაბუთებული გადაწყვეტილების იმედი არ გვაქვს არც სასამართლოში, არც რომელიმე სხვა უწყებაში. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიბრძოლებთ. აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას ყველა სამართლებრივი მეთოდით და ადრე თუ გვიან, სიმართლეს დავამტკიცებთ. ისევ დაიკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები. ალბათ, სამი-ოთხი პირი. ისინი, ისევე როგორც წინა შემთხვევებში, ვერ წარმოადგენენ იმ სახის ინფორმაციას, რომელიც საკმარისი იქნება თამლიანის, ბუდაღაშვილისა და სხვების მიმართ გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამოტანისთვის. მათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან, რაც არ დასტურდება“, – აცხადებს ვახტანგ იაშვილი.

დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.