თემურ ხადურის მკვლელობის საქმეზე პოლიციის თანამშრომლები დააკავეს
სტიქაროსნის მკვლელობის საქმეზე პოლიციელები დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი ყოფილი თანამშრომელი აიყვანეს. ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ორი პირი და ცრუ ინფორმაციის მიწოდების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე ერთი პირი.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 25 აგვისტოს თემურ ხადურმა სოფელ სიმონეთის გადასახვევის მიმდებარედ არსებულ ცენტრალურ მაგისტრალზე ქვების სროლით დააზიანა ავტომანქანები, მათ შორის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის სამსახურებრივი მანქანა. სამართალდამცველებმა სცადეს მისი დაკავება, ის არ დაემორჩილა მათ და გაიქცა, დევნის პროცესში პოლიციის თანამშრომლებმა ჰაერში სამი გასროლა განახორციელეს. თემურ ხადურის დაკავება ვერ მოხერხდა.
28 აგვისტოს კი მდინარის კალაპოტში ნაპოვნი იქნა გარდაცვლილი თემურ ხადური. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა, მათთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის და თანამდევი სამართლებრივი შედეგების თავიდან აცილების მიზნით, თემურ ხადურის გარდაცვალების გარემოებების დასადგენად საჭირო ინფორმაცია დამალეს. ხელი შეუშალეს საქმის სხვა საგამოძიებო ორგანოსთვის გადაცემას და არსებითად შეაფერხეს მართლმსაჯულება. დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.