თბილისის საქალაქო სასამართლომ თაღლითობაში ბრალდებული ე.წ. სახალხო მკურნალი დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ თაღლითობაში ბრალდებული ე.წ. სახალხო მკურნალი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. სახალხო მკურნალის ლ.ნ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.

„ლ.ნ-ს ბრალად ედებოდა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით.

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებული, რომელსაც არ გააჩნდა სამედიცინო განათლება და სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია, მუშაობდა რა ქალიშვილის კუთვნილ კლინიკაში, ცერებრალური დამბლით დაავადებული პაციენტის მშობლებს დაპირდა, რომ სამი თვის განმავლობაში პაციენტს ჩაუტარებდა სამედიცინო პროცედურებს და გააუმჯობესებდა მის მდგომარეობას. კლინიკაში გატარებული თითოეული დღისთვის კი პაციენტის მშობლებს უნდა გადაეხადათ 420 ლარი.

2010 წლის 10 ნოემბერს, ნ.ა. დააწვინეს ქ.თბილისში მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში, რომელსაც იმ პერიოდისთვის სტაციონალური დაწესებულების ნებართვა არ გააჩნდა. ბრალდებულმა პაციენტი მოათავსა ხის ჯვრის ფორმის ტრავმატოლოგიურ საწოლზე. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულმა იცოდა, რომ ვერ განკურნავდა ცერებრალური დამბლის მქონე პაციენტს, მშობლებს მკურნალობისთვის გაწეული საფასურის სახით, მოტყუებით 2010 წლის 10 ნოემბრიდან – 2011 წლის 19 თებერვლამდე პერიოდში, გადაახდევინა 27 800 ლარი.

საქმის არსებითად განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, სასამართლომ 81 წლის ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდებულის ასაკი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მიზანშეწონილად არ მიიჩნია თავისუფლების აღკვეთის გამოყენება.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ბრალდებულს სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა – 10 000 ლარი“, – აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციაში.