თბილისის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციების მონაწილე ისაკო დევიძეს 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, კობა ჩაგუნავამ საპროტესტო აქციების მონაწილე ისაკო დევიძეს 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. საქმე ეხება 8 იანვარს რუსთაველის გამზირის გადაკეტვას, რაც მოსამართლემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
მსგავსს საქმეზე სიტყვიერი გაფრთხილება მისცა მარიამ გაჩეჩილაძეს, რომელსაც 9 იანვარს რუსთაველის გამზირის ხელოვნურ გადაკეტვაში ედავებოდნენ.
მანამდე ისაკო დევიძემ პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა, მან მოსამართლეს კობა ჩაგუნავას მიმართა, რომ მისი საქმის ობიექტური შემფასებელი ვერ იქნებოდა, რადგან უკვე მესამედ ასამართლებს და უსამართლო გადაწყვეტილებები აქვს მიღებული.
ამასთან, ისაკო დევიძეს პრეტენზია ჰქონდა, რომ განსახილველ საქმეზე ერთი თვის წინ ჩატარებული პროცესის შესახებ მას არ აცნობეს. დევიძემ ისიც განმარტა, რომ 8 იანვარს კანონი არ დაურღვევია და რუსთაველის გამზირის გადაკეტვა ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე ბუნებრივი იყო.
„8 იანვარს რუსთაველზე ბევრი ხალხი იყო და გზა ბუნებრივად, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში გადაიკეტა. წინა თვეში პირველი პროცესი ყოფილა ჩემი, ორი საქმის მოსამართლე თქვენ იყავით, რა გადაწყვეტილება გამოიტანეთ, ყველას ახსოვს, თქვენ არ ხართ ღირსი, გეცვათ მოსამართლის მანტია, თქვენ არ უნდა იყოთ მოსამართლე და ხალხს არ უნდა ასამართლებდეთ“, – განაცხადა ისაკო დევიძემ სასამართლო პროცესზე.
მოსამართლის განცხადებით, პირველი შემთხვევა არაა, როდესაც სასამართლო დარბაზს პერფორმანსებისთვის იყენებენ. მან პროცესზე დამსწრეებს სასამართლოს პატივისცემისკენ მოუწოდა და განმარტა, ერთი თვის წინ რატომ ვერ მოხერხდა დევიძის ინფორმირება დაგეგმილი სხდომის შესახებ.
„პერფორმანსებისთვის პროცესის გამოყენება ახალი არაა, გამოჩნდა, როგორ გამოხატავს პატივისცემას. თუ ვინმეს სურს, პროცესში არ მიიღოს მონაწილეობა, შეუძლია დატოვოს დარბაზი. პირველ სხდომაზე მისი ინფორმირება ვერ მოხერხდა“, – განაცხადა კობა ჩაგუნავამ.
შსს-ს წარმომადგენლის მტკიცებით, 8-9 იანვარს რუსთაველის გამზირი ისაკო დევიძემ და მარიამ გაჩეჩილაძემ ხელოვნურად გადაკეტეს. შსს-ს წარმომადგენლის განმარტებით, კადრებში ჩანს, რომ ფეხით მოსიარულეთა სავალი ნაწილი ცარიელია და აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირს ხელოვნურად კეტავენ.
საპირისპირო პოზიცია აქვთ ადვოკატებს. მათი განცხადებით, ვიდეომტკიცებულებები წარადგინეს, რომლიდანაც ჩანს, რომ რუსთაველზე ბევრი ხალხია, ტროტუარიც სავსეა აქციის მონაწილეებით და რუსთაველის გამზირის გადაკეტვა ბუნებრივად მოხდა.
8-9 იანვარს რუსთაველის გადაკეტვის ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 16 იანვარს არის შედგენილი. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე მუხლის, ასევე შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის მე-11 პრიმა მუხლის დარღვევაში ედავებიან, რაც გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას გულისხმობს და 5000-ლარიან ჯარიმას ან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.