თბილისის საქალაქო სასამართლომ სამი პარტიის სარჩელები არ დააკმაყოფილა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სამი პარტიის სარჩელები არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ევროპული საქართველოს“, პარტია „სამართლიანობისთვის“ და „ერთიანი საქართველოს“ სარჩელები არ დააკმაყოფილა. სამივე პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულების ბათილად ცნობას ითხოვდნენ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის ინფორმაციით, მათ სასამართლოში ორი სარჩელი ჰქონდათ შეტანილი.

„ერთი ეხებოდა პროპორციული არჩევნების შეჯამებას, რაც ცესკო-მ გააკეთა უკანონოდ. კანონი კრძალავს სასამართლოს დასრულებამდე ცესკო-ს მხრიდან არჩევნების შეჯამებას. ეს აკრძალვა ცესკო-მ დაარღვია, მაგრამ სასამართლომ კანონით არ იხელმძღვანელა. როგორც ჩანს, აქაც პოლიტიკური დავალება აღმოჩნდა უპირატესი. ამის მოლოდინი ჩვენ გვქონდა, რადგან ვიცით, რომ სასამართლო კონტროლდება პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან, კერძოდ ივანიშვილის.

რაც შეეხება მეორე მოთხოვნას, ეს ეხებოდა მთლიანად საარჩევნო გარემოს, დაწყებული ბიულეტენების გატანით, „კარუსელების“ ორგანიზებით, ბიულეტენების ჩაყრით და ოქმების შესწორებით. ყოველი მეორე ოქმი არის დაუბალანსებელი. ჩვენ მოვითხოვეთ ასეულობით უბნის გადათვლა, სადაც ბალანსი არ დგებოდა და საოლქო კომისიამ გვითხრა უარი. ეს უარი ცესკო-ში გავასაჩივრეთ და ცესკო-მაც თქვა უარი, სასამართლოშიც მოვიტანეთ და სასამართლომაც თქვა უარი. მათ სურთ, რომ ესე გადაჯღაბნილი, გადასწორებული ოქმებით დაადგინონ ამომრჩევლის მხრიდან გამოხატული ნება. სინამდვილეში, ეს არის გაყალბებული პროცესი. ჩვენ ამ ყველაფრის მხილებისთვის ყველა სამართლებრივ გზას ვიყენებთ. ამ გადაწყვეტილებასაც, რომელიც უკანონოა, გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში. პარალელურად, მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების მტკიცე მშვიდობიანი პროტესტი, მოვემზადოთ ხელახალი არჩევნებისთვის და ჩამოვაყალიბოთ ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია“,- განაცხადა ოთარ კახიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას ასევე გეგმავს პარტია „ერთიანი საქართველო“.

„ჩვენი საჩივარი ეხებოდა პროპორციული არჩევნების შეჯამებას ცესკო-ს მიერ, რაც იყო პირდაპირ კანონდარღვევა და პირდაპირ მიუთითებს, რომ ამგვარი შემაჯამებელი ოქმი შეიძლება დაიწეროს მხოლოდ და მხოლოდ საოლქოების და სასამართლოების შედეგად. არ დაელოდა კომისია სასამართლოებს და მიიღო ეს გადაწყვეტილება. მეორე საჩივარი შეეხებოდა უბნების გადათვლის მოთხოვნას. არც ერთ ნაწილში სასამართლომ ბუნებრივია არ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი, რითიც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ეს სასამართლო ხელმძღვანელობს არა საქართველოს კანონმდებლობით, არამედ ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ჩვენ აუცილებლად წავალთ აპელაციაში, რათა დავანახოთ მოსახლეობას, რომ სასამართლო ხელისუფლების ყველა შტო არის ოკუპირებული ამ ხელისუფლების და ივანიშვილის მიერ. ამ ქვეყანაში სამარათალი არ არის და ვიდრე არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა“,- განაცხადა „ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენელმა, ირაკლი ჭყოიძემ.

დატოვე კომენტარი