თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლონელი ტურისტის დაჭრის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლონელი ტურისტის დაჭრის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლონელი ტურისტის დაჭრის ფაქტზე ბრალდებულ გიორგი ხმალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა. ბრალდების მხარე პროცესზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა.

პროკურორის განცხადებით, ქმედება ბრალდებულმა მოტივის გარეშე ჩაიდინა და წარსულშიც ნასამართლევია ყაჩაღობისთვის. პროკურორის განმარტებით, არსებობს მაღალი ალბათობა, რომ მან დანაშაულებრივი ქმედება გააგრძელოს.

საქმეზე წინასასამართლო პროცესი 26 აგვისტოს დაიწყება.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, 5 ივლისს თბილისში, ბრალდებული ხმალაძე ხულიგნური ქვენაგრძნობით, სრულიად უმიზეზოდ თავს დაესხა საქართველოში ტურისტული მიზნით მყოფ პოლონეთის მოქალაქეს და მისი მოკვლა განიზრახა. გიორგი ხმალაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც მკვლელობის მცდელობას ხულიგნური ქვენა გრძნობით გულისხმობს.