თბილისის საქალაქო სასამართლომ აქციაზე დაკავებულების საქმეები განიხილა და ორ საქმეზე 10-დღიანი პატიმრობის გადაწყვეტილება მიიღო
თბილისის საქალაქო სასამართლომ აქციაზე დაკავებულების საქმეები განიხილა და ორ საქმეზე 10-დღიანი პატიმრობის გადაწყვეტილება მიიღო

თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთაველის გამზირზე, აქციაზე დაკავებულების საქმეები განიხილა. რამდენიმე დაკავებულს ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრა, მათ შორის, „ისფედის“ მკვლევარს, შოთა ნარსიას. მას მოსამართლემ ადმინისტრაციული სახდელი 2800 ლარის ოდენობით შეუფარდა.

ნარსიას ადვოკატის განცხადებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ადვოკატი სამართალდამცველების მხრიდან დაკავებულის მიმართ ძალადობაზე საუბრობს.

სასამართლოზე განიხილეს პოეტ ზვიად რატიანის საქმეც, რომელიც 29 ნოემბერს აქციაზე დააკავეს. რატიანი შემდგომ ხელწერილით გათავისუფლდა, თუმცა დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სასამართლო სხდომის დარბაზში მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ კვლავ დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ზვიად ცეკვავამ 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით შეუფარდა. ზვიად რატიანის დაპატიმრების გადაწყვეტილებას ადვოკატი ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

რატიანის ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის განცხადებით, მოსამართლეს წარუდგინეს „ამერიკული ჰოსპიტლის“ ფორმა ასი, სადაც აღწერილია რატიანის ცხვირის ძვლის, მეხუთე მალის მოტეხილობები, თავსა და მთელ სხეულზე ჰემატომები და დაჟეჟილობები. ადვოკატის თქმით, დღეს გამართლებას ელოდნენ, წარადგინეს ვიდეომასალაც, საიდანაც, მისი თქმით, ჩანს, სპეცრაზმელები რატიანს ფიზიკურად როგორ უსწორდებიან, თუმცა მოსამართლე ზვიად ცეკვავამ საქმეს ვიდეომასალა არ დაურთო და ამ მტკიცებულებაზე არ იმსჯელა.

რატიანის საქმე ხუთ პირს შორის იყო, რომელიც მოსამართლე ცეკვავამ განიხილა და ყველა მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლემ ორ პირს – ადმინისტრაციული 10-დღიანი პატიმრობა, ორს – ჯარიმა, ერთს კი გაფრთხილება შეუფარდა.

მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას სხვა დაკავებულებიც გეგმავენ.