თბილისის საქალაქო სასამართლო „ტვ პირველთან“ დაკავშირებულ განჩინებაზე განცხადებას ავრცელებს
თბილისის საქალაქო სასამართლო „ტვ პირველთან“ დაკავშირებულ განჩინებაზე განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო „ტვ პირველთან“ დაკავშირებულ განჩინებაზე განცხადებას ავრცელებს.

„2021 წლის 9 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა, რომლის თანახმადაც საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებლებს ნება დაერთოთ, განახორციელონ საგამოძიებო მოქმედება – ამოღება, კერძოდ, 2021 წლის 6 მარტს გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში მითითებული კონფიდენციალური წყაროს მიერ „TV პირველისთვის“ გადაცემული (გაგზავნილი) ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღება, რომელზეც ჩაწერილი იყო კერძო საუბრები. ასევე კონვერტი, ან სხვაგვარი შეფუთვა.

გასათვალისწინებელია, რომ საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გაცემულ სხვა განჩინებებშიც, სასამართლო ხელმძღვანელობს და მიუთითებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლის მე-7 ნაწილით, რომლის თანახმადაც, დასაშვებია, საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელმა პირმა ან ორგანომ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა და ეს კანონის დანაწესიდან გამომდინარეობს. შესაბამისად, აღნიშნული დათქმა წარმოადგენს სტანდარტულ ფორმას, რომელიც სხვა უამრავ მსგავს შემთხვევებშიც ეთითება ანალოგიურ განჩინებებში და არანაირი განსხვავებული წესი ამ შემთხვევაში არ გამოყენებულა“, – ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.