თბილისის საქალაქო სასამართლო გრიგოლ ვაშაძის სარჩელზე გადაწყვეტილებას 21 ოქტომბერს გამოაცხადებს
თბილისის საქალაქო სასამართლო გრიგოლ ვაშაძის სარჩელზე გადაწყვეტილებას 21 ოქტომბერს გამოაცხადებს

თბილისის საქალაქო სასამართლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის სარჩელზე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს.

საქმე ეხება ცესკო-ს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით გრიგოლ ვაშაძე ,,ნაციონალური მოძრაობის” სახელით მიიღებს მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში. ოპოზიცია ითხოვს, ბიულეტენში ,,ნაციონალური მოძრაობის” ნაცვლად, მიეთითოს გაერთიანებული ოპოზიცია.

დღეს საქმის არსებითი განხილვა გაიმართა, სადაც მოსარჩელე მხარემ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა, საქმეს დაერთოს სააგიტაციო მასალები, კანდიდატის პლაკატები და მაისურები, რომელზეც ვაშაძე გაერთიანებული ოპოზიციის სახელითაა დაფიქსირებული. მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ თავდაპირველად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მიმართა განცხადებით, როდესაც თვითმმართველობისა და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატი დაარეგისტრირა.

როგორც გუშინ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განაცხადა, თვითმმართველობის არჩევნებში „ნაციონალურ მოძრაობას“ სახელის შეცვლის მოთხოვნა დაუკმაყოფილდა, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სუბიექტის სახელის ცვლილების საშუალებას საარჩევნო კოდექსი არ იძლევა.

გრიგოლ ვაშაძე საარჩევნო ბიულეტენში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატად იქნება დაფიქსირებული.