თბილისის საქალაქო სასამართლო მსურველებს უფასო იურიდიულ კონსულტაციას გაუწევს
თბილისის საქალაქო სასამართლო მსურველებს უფასო იურიდიულ კონსულტაციას გაუწევს

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, მხოლოდ ერთი დღით მსურველებს უფასო იურიდიულ კონსულტაციას გაუწევს.  სერვისით სარგებლობა დაინტერესებულ პირებს 11:00 საათიდან შეეძლებათ.

სასამართლოს პრესსამსახურის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოქალაქეებს შეეძლებათ სასამართლოსგან კვალიფიციური სამართლებრივი დახმარება სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის მიმართულებით უსასყიდლოდ მიიღონ.

უფასო იურიდიული კონსულტაციის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ მიიღონ ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:

სასამართლოს განსჯადობისა და საკითხის განხილვაზე უფლებამოსილ სუბიექტთა შესახებ;
დავის ალტერნატიული მოგვარების მექანიზმებით განხილვის უპირატესობის შესახებ;
მოწმის, ექსპერტის, ნაფიცი მსაჯულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ;
განრიდების, მედიაციის, საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის არსის შესახებ;
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის სპეციფიკის შესახებ;
გადაწყვეტილების გასაჩივრების წესისა და უფასო იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობის შესახებ;
სამართალწარმოების პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ.

ასევე სასამართლოში განმარტავენ, რომ უფასო იურიდიული კონსულტაციის ფარგლებში გაცემული ინფორმაცია არ შეიძლება ჩაითვალოს, როგორც სასამართლოს პოზიცია კონკრეტულ საქმის წარმოებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, იგი არ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს და არ შეიძლება სამართალწარმოების პროცესში მიეცეს მტკიცებულებითი ძალა.

უფასო იურიდიული კონსულტაციის პროექტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 11 თებერვლის რეკომენდაციის საფუძველზე ხორციელდება.