თბილისის საკრებულოში დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მერიისთვის შენიშვებით დაბრუნების თაობაზე მსჯელობენ
თბილისის საკრებულოში დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მერიისთვის შენიშვებით დაბრუნების თაობაზე მსჯელობენ

თბილისის საკრებულო დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მერიისთვის შენიშვებით დაბრუნების თაობაზე მსჯელობს. აღნიშნული დოკუმტი, რომელიც საკრებულოში 14 ნოემბერს შევიდა, ყველა კომისიამ განიხილა და წინადადებები დასკვნის სახით წარმოადგინა. როგორც სხდომის დაწყებამდე საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, ყველა თანხმდება იმაზე, რომ აღნიშნული ბიუჯეტის პროექტი, რომელიც წინა მთავრობის მიერ იყო წარმოდგენილი, საჭიროებს კორექტირებას.

მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტი იყოს მორგებული იმ წინასაარჩევნო პროგრამაზე, რომელიც მერს და უმრავლესობას ჰქონდა.

“დღევანდელ სხდომაზე წარმოდგენილი იქნება ყველა ფრაქციის, კომისიების რეკომენდაციები. ბიუჯეტის განხილვა ამ დღეებში დაიწყება ისე, რომ 10 დეკემბრამდე უნდა იყოს მერის მიერ ბიუჯეტის ახალი ვარიანტი წარმოდგენილი. რეკომენდაციები არის ძირითადად იმაზე, რომ ბიუჯეტის პარამეტრები იყოს გაზრდილი. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა. რა საბოლოო პარამეტრი იქნება 2018 წლის ბიუჯეტში, ამას მას შემდეგ გავიგებთ, რაც მერი ბიუჯეტის საბოლოო პროექტს წარმოადგენს”,- განაცხადა ტყემალაძემ.

ბიუჯეტთან დაკავშირებით საკუთარ ინიციატივას სთავაზობს საკრებულოს ფრაქცია “ევროპული საქართველო”.
როგორც ფრაქციის ერთ-ერთი წევრი ელენე ოზაშვილი აცხადებს, უნდა შემცირდეს ბიუროკრატიული ხარჯები და აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ეს გათავისუფლებული თანხები გადანაწილდეს სოციალურად დაუცველებზე და მოემატოთ პენსია 50 ლარის ოდენობით.

“ასევე, გადანაწილდეს საბავშვო ბაღების ვაუჩერიზაციის სისტემაზე, რაც საშუალებას მისცემს ყველა ბაგა ბაღის აღმზრდელს, რომ არ დარჩეს რეგისტრაციის გარეშე, მოხდეს კერძო ბაღებში გადანაწილება. ასევე, შესაძლებელია ქონების გადასახადის 10 პროცენტით შემცირება და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის შემოყვანა,“ – განაცხადა საკრებულოს წევრმა ელენე ოზაშვილმა.