თბილისის საკრებულოს ყოფილ წევრ თემურ გორგაძეს სასამართლომ ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
თბილისის საკრებულოს ყოფილ წევრ თემურ გორგაძეს  სასამართლომ ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითობის მცდელობაში დამნაშავედ ცნო თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თემურ გორგაძე და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

თბილისის საქალაქო სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, წარდგენილი ბრალის თანახმად, თ. გ.-ს ბრალად ედებოდა თაღლითობის მცდელობა – სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა.

საქმის მასალების თანახმად, 2018 წლის თებერვალში, თ. გ. შეხვდა მოქალაქეებს ე. ხ.-სა და ტ. ა.-ს, რომელთაც ნარკოდანაშაულისათვის ბრალდებული მათი ახლობლის შესახებ, კანონით გათვალისწინებული შეღავათის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებში გარკვევა სურდათ. ბრალდებული თ. გ. ე.ხ.-ს დაჰპირდა, რომ მისთვის 7 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, შეწყალების კომისია მის ახლობელს შეიწყალებდა. ერთ-ერთი შეხვედრისას, თ. გ. მოტყუებით დაეუფლა მოთხოვნილი თანხის ნაწილს – 3 500 აშშ დოლარს, რის შედეგადაც ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა იგი დააკავეს. ბრალდებულმა ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს, ხოლო მოტყუებით დაუფლებული თანხა ლიფტის შახტაში ჩააგდო.

„საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა სხდომებზე გამოკვლეულ და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლომ თ. გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მას სასჯელის სახედ და ზომად ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა“, – აღნიშნავენ თბილისის საქალაქო სასამართლოში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტომ თემურ გორგაძე 2018 წლის 28 თებერვალს დააკავა.