თბილისის საკრებულოს წევრებმა UCLG-ის ყოველწლიურ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა
ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მსოფლიო ორგანიზაციის (UCLG) ყოველწლიური ფორუმი გაიმართა, რომელშიც დედაქალაქის საკრებულოს წევრები მონაწილეობდნენ.
ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საერთაშორისო პლატფორმაზე ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ UCLG-ს დელეგაციის წევრი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე და ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) დელეგაციის წევრი, დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატი გიორგი ხუროძე.
ფორუმი ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებს აერთიანებს და მიზნად ისახავს გლობალურ და ადგილობრივ დონეზე თანამშრომლობის გაძლიერებას, თანამედროვე გამოწვევებზე ერთობლივი ხედვის ჩამოყალიბებასა და პარტნიორული ქსელების გაფართოებას.
„ღონისძიების ფარგლებში არაერთი პლენარული სხდომა და თემატური დისკუსია გაიმართა, სადაც ყურადღება დაეთმო ორგანიზაციის სტრატეგიულ მიმართულებებსა და თანამედროვე ურბანული პოლიტიკის პრიორიტეტებს. მონაწილეებმა ის სისტემური გამოწვევები განიხილეს, რომლებიც სწრაფად ცვალებად გლობალურ გარემოში ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების წინაშე დგას. საკრებულოს წევრები სამუშაო სესიებსა და დისკუსიებში აქტიურად ჩაერთნენ და ეფექტიანი მუნიციპალური მართვის ინსტრუმენტები, მდგრადი ურბანული განვითარების პრაქტიკული მიდგომები და ევროპულ ინსტიტუციურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის შესაძლებლობები კოლეგებთან ერთად განიხილეს. ფორუმის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერებას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და ქალების მონაწილეობის გაზრდას, მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ლოკალიზაციასა და ქალაქებსა და რეგიონებს შორის პარტნიორული თანამშრომლობის გაღრმავებას“, – ნათქვამია თბილისის საკრებულოს ინფორმაციაში.
გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მსოფლიო ორგანიზაციის (UCLG) ყოველწლიური ფორუმი დღეს დასრულდა.