თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების მონაწილეობით, დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა
თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების მონაწილეობით, დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

თბილისის საკრებულოს ყველა ოპოზიციონერი დეპუტატის მონაწილეობით, დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დღეს პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

ინიციატივა პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ეკუთვნის, რასაც მხარს, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, პარტია „საქართველოსთვის“ და დამოუკიდებელი დეპუტატები უჭერენ.

როგორც პარტიის „ანა დოლიძე ხალხისთვის“ წევრმა ნინო წულუკიძემ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში საერთო ოპოზიციურ ალტერნატიულ შენიშვნებს და რეკომენდაციებს შეიმუშავებენ, რათა დედაქალაქის ბიუჯეტი საზოგადოების ინტერესებზე იყოს მორგებული.

„თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტიც, გასული წლის ბიუჯეტის მსგავსად, მორგებულია კალაძის გუნდის ვიწროპარტიულ, კორუფციულ ინტერესებს და დედაქალაქის მოსახლეობის საჭიროებები კვლავ უკანა ფლანგზეა გადატანილი. ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს როდესაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემები აქვთ, სოციალური პროგრამების შემცირების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს მერიის ადმინისტრაციული ხარჯების ზრდა. ჩვენთვის, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მნიშვნელოვანია შევიმუშაოთ საერთო ოპოზიციური ალტერნატიული დასკვნები, შენიშვნები და რეკომენდაციები, ერთობლივი ძალით ვიბრძოლოთ, რათა ერთხელ და სამუდამოდ თბილისს ჰქონდეს ბიუჯეტი, რომელიც საზოგადოების ინტერესებზე იქნება მორგებული“, – განაცხადა ნინო წულუკიძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებას თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია გამოეხმაურა. როგორც გრიგოლიამ აღნიშნა, ეს არის შირმა, გაკეთებული პიარისთვის, რომ ისაუბრონ, რაღაც სამუშაო ჯგუფი შექმნეს.

,,ოპოზიციას ისედაც აქვს ვალდებულება, თავისი შენიშვნები წარმოადგინოს ბიუჯეტთან დაკავშირებით. საერთოდ ვერ ვხვდები, რა საჭიროა დამატებით ასეთი სამუშაო ჯგუფების შექმნა. ეს არის, შირმა, გაკეთებული პიარისთვის, რომ ისაუბრონ, რაღაც სამუშაო ჯგუფი შექმნეს. რაც შეეხება ბიუჯეტს, 2023 წლის თბილისი ბიუჯეტი 133 მილიონით არის გაზრდილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა იმ გამოწვევას პასუხობს, რაც დღეს დედაქალაქს აქვს. ბიუჯეტი არის სოციალურად ორიენტირებული. მისი 40 პროცენტი გათვალისწინებულია სოციალური მიმართულებით. საუბარი, რომ ბიუჯეტს პრობლემა აქვს სოციალური მიმართულებით არის აბსურდი, ან ბიუჯეტის წაკითხვის არ ცოდნა“, – განაცხადა გრიგოლიამ.