თბილისის საკრებულოს დაკავებულ წევრს, თემურ გორგაძეს ბრალი თაღლითობის მუხლით წარედგინა
თბილისის საკრებულოს დაკავებულ წევრს, თემურ გორგაძეს ბრალი თაღლითობის მუხლით წარედგინა

თბილისის საკრებულოს დაკავებულ წევრს, თემურ გორგაძეს ბრალი თაღლითობის მუხლით წარედგინა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გუშინ ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ თემურ გორგაძეს ბრალი დღეს ოფიციალურად წარედგინა.

დაკავებულის ადვოკატის გიორგი ქუმსიაშვილის განცხადებით, მათთვის გაუგებარია, თუ რას უკავშირდება მუხლის გადაკვალიფიცირება, რადგან ის თავდაპირველად ქრთამის აღების მუხლით დააკავეს, ხოლო ბრალის წარდგენა თაღლითობის მუხლით მოხდა.

ადვოკატის ინფორმაციით, ქმედებას, რასაც გამოძიება თემურ გორგაძეს ედავება დაკავებული არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

საქმის მასალების მიხედვით, კონკრეტულად რა ქმედებას ედავება გამოძიება ამას ადვოკატი არ აკონკრეტებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, გორგაძე ერთ-ერთ პირს შეწყალების კომისიის გზით, მისი ნათესავის პატიმრობიდან გათავისუფლებას დაპირდა და 7 ათასი დოლარის გადახდა მოსთხოვდა. სუს-ის ინფორმაციით, გორგაძემ ამ პირს 3500 დოლარი გამოართვა.

თემურ გორგაძისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს. ადვოკატის შუამდგომლობაა, რომ არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენება მოხდეს.