თბილისის საკრებულოს ახალი შემადგენლობა პირველ სხდომას დღეს გამართავს 
თბილისის საკრებულოს ახალი შემადგენლობა პირველ სხდომას დღეს გამართავს 

თბილისის საკრებულოში მეექვსე მოწვევის პირველი სხდომა გაიმართება. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში იწვევს. კანონის მიხედვით, ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომას, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გახსნის. შემდეგ კი, საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე მას მუნიციპალიტეტის საკრებულოს უხუცესი წევრი ფრიდონ ინჯია გაუძღვება.

მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე დეპუტატები საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს აირჩევენ.

როგორც ცნობილია, პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატი საკრებულოს თავმჯდომარეობის თანამდებობაზე გიორგი ტყემალაძე იქნება.

მეექვსე მოწვევის საკრებულოს მიერ ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ, დეპუტატებს პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურებს უკვე ახალი თავმჯდომარე წარუდგენს.

საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე წარდგენილია გიორგი ახვლედიანის, მოადგილეებად კი მარიკა დარჩიასა და დავით უჯმაჯურიძის კანდიდატურები.

სხდომა თბილისის საკრებულოში 11:00 საათზე დაიწყება.