თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

დედაქალაქის საკრებულომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს წევრებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ წარუდგინა.

ბიუჯეტის პროექტის მოცულობა მილიარდ 50 მილიონი ლარით განისაზღვრა, რომელსაც 2021 წლის იანვარში დაემატება 50 მილიონი ლარი. ჯამში, მომავალი წლის ბიუჯეტი მილიარდ 100 მილიონ ლარზე მეტი იქნება.

2021 წლის ბიუჯეტის მესამედი ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს მოხმარდება. მათ შორის, საბინაო პროგრამების მიმართულებით, დაახლოებით 60 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტიდან 425 მილიონი ლარი გამოიყოფა. მომავალ წელს დაგეგმილია რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. მათ შორისაა, ბაგები – უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა, ვაკის პარკის რეაბილიტაცია, ვაკის პარკის კასკადისა და შადრევნის აღდგენის სამუშაოები, ჭაბუა ამირეჯიბისა და ყიფშიძის ქუჩების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა, ზღვის უბნის პარკის მოწყობა, რისთვისაც 20 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, ასევე ახალი პარკი ვარკეთილის ხევში, რისთვისაც ბიუჯეტიდან ექვს მილიონ ლარამდე გამოიყოფა.

2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების გარდა, თბილისის საკრებულომ დღეს თბილისის მერის კახა კალაძის ანგარიშს მოუსმინა. გარდა ამისა, იმსჯელეს 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

დატოვე კომენტარი