თბილისის საკრებულო კახა კალაძის ანგარიშს მოისმენს და დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე იმსჯელებს
თბილისის საკრებულო კახა კალაძის ანგარიშს მოისმენს და დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე იმსჯელებს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტი უნდა დამტკიცდეს.

ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებს თბილისის მერი კახა კალაძე მისი საქმიანობის წლიურ ანგარიშთან ერთად წარუდგენს.

დედაქალაქის ბიუჯეტის მოცულობა ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული ტრანსფერების ჩათვლით მილიარდ ლარამდეა.

თბილისის მერიის მიერ დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი, პირველ ვარიანტთან შედარებით, 56 000 000 ლარით არის გაზრდილი.

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, 2019 წლის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

„927 მილიონი ლარის ოდენობით არის ბიუჯეტი განსახილველად წარდგენილი, საიდანაც დაახლოებით 35 პროცენტი არის ჯანდაცვა, სოციალური მიმართულებით გასაწევი ხარჯები. ეს არის დაახლოებით 327 მილიონი, რომელიც 21 მილიონით მეტია 2018 წელთან შედარებით. ამ მიმართულებით დახარჯულ თანხებთან შედარებით, ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს ინფრასტრუქტურული ხარჯები. ბიუჯეტის დაახლოებით 38 პროცენტი შედგება ინფრასტრუქტურის მიმართულებით გასაწევი ხარჯებისგან. 2018 წელს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. 2019 წელი კიდევ უფრო მასშტაბური იქნება. ბიუჯეტის ოდენობა 2019 წლის განმავლობაში მილიარდს გასცდება. ფინანსთა სამინისტროსა და ცენტრალურ მთავრობასთან ერთობლივი მოლაპარაკებების შედეგად, მივაღწიეთ გარკვეულ პოზიციებს, რაც ნიშნავს, რომ დამატებით მოხდება თბილისის მუნიციპალიტეტის დაფინანსება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის მიმართულებით. შესაბამისად, 2019 წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტი მილიარდს იქნება გაცდენილი და ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

დედაქალაქის ბიუჯეტის მხარდაჭერას არ აპირებენ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობისა“ და ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრები. მათი განცხადებით, ბიუჯეტში პრიორიტეტები არასწორადაა გადანაწილებული, გაზრდილია ბიუროკრატიული ხარჯები და სახელფასო ფონდი, შესაბამისად, როგორც მათი თქმით, ბიუჯეტი არ პასუხობს თბილისელების ინტერესებს.