თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ ლელა და ეთერ თათარაიძეების ვარსკვლავი გაიხსნა [ფოტო]
თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ ლელა და ეთერ თათარაიძეების ვარსკვლავი გაიხსნა [ფოტო]

თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ ფოლკლორისტი დების, ლელა და ეთერ თათარაიძეების სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

ვარსკვლავის გახსნამდე „ივენთ ჰოლის“ სცენაზე დები თათარაიძეების შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ღონისძიება თავად ლელა თათარაიძემ გახსნა სიმღერით „რა ლამაზია თუშეთი“, ეთერ თათარაიძემ კი საკუთარი ლექსები წაიკითხა.

კონცერტში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ფოლკლორულმა ანსამბლებმა – „ბასიანი“, „კესანე“, „კელაპტარი“, „ურმული“, „ლომისი“, „თაობა“.

ლელა და ეთერ თათარაიძეების ვარსკვლავის გახსნა მათი შემოქმედებითი დებიუტის 40 წლისთავს დაემთხვა.

ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძეც ესწრებოდა. მან მადლობა გადაუხადა დებს გაწეული ღვაწლისთვის.

„მინდა, უდიდესი მადლიერება გამოვხატო მათდამი. მაქვს პატივი, ვთქვა, რომ ჩვენ მეგობრები ვართ და ბევრი რამ ვისწავლე მათგან. დიდი მადლობა უდიდესი, შეუფასებელი ღვაწლისთვის იმ საქმიანობაში, რასაც უნიკალური და თვითმყოფადი ქართული ხელოვნების შენარჩუნება და განვრცობა ჰქვია“, – აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.

დები თათარაიძეები დაჯილდოებულნი არიან არაერთი ჯილდოთი, მათ შორის ღირსების ორდენით, ფოლკლორის ეროვნული პრემიით და ა.შ.