თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში განახლდა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში განახლდა

დღეიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 წლის გაზაფხულის სასწავლო სემესტრი დისტანციურ რეჟიმში განახლდა.

ამასთან, როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა საღინაძემ განაცხადა, გარკვეულ მიმართულებაზე 15 მარტიდან სწავლის არადისტანციურ რეჟიმში გაგრძელებასთან დაკავშირებით აკადემიურმა საბჭომ უნდა იმსჯელოს და საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს.

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 გაზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესი პირველი მარტიდან არსებული რეგულაციების გათვალისწინებით დისტანციურ რეჟიმში განახლდა. თუ რა ფორმატით განახლდება 15 მარტიდან სასწავლო პროცესი თსუ-ში, ამაზე ფაკულტეტის საბჭოები მსჯელობენ და აკადემიური საბჭო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, რის შესახებაც სტუდენტებს, ასევე დაინტერესებულ პირებს უახლოეს დღეებში ეცნობებათ.

გარკვეულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს სასწავლო პროცესი აწყობილი აქვთ იმგვარად, რომ სწავლების დაწყებისთანავე არის გარკვეული პრაქტიკული კომპონენტები. ჩვენს შემთხვევაში არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ისე არის დალაგებული სასწავლო პროცესი, რომ პირველ ეტაპზე არის თეორიული სწავლების კომპონენტები, ხოლო შემდეგ ეტაპზე – პრაქტიკული. შესაბამისად, პირველი მარტიდან (ჩვენ ამ შემთხვევაში ჯერჯერობით საჭიროება არ გვაქვს, რომ პრაქტიკული კომპონენტებით სწავლება გავაგრძელოთ) ვაგრძელებთ ჩვეულებრივად ისევ დისტანციური რეჟიმით.

როგორც მოგახსენეთ  ვიმედოვნებთ, 15 მარტიდან გარკვეულ მიმართულებებზე, სადაც პრაქტიკული სწავლების კომპონენტი აუცილებლობას წარმოდგენს, სწავლა გაგრძელდება არადისტანციურ რეჟიმში. ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს დაწესებული ყველ რეგულაცია დაცული გვაქვს და შემოდგომაზეც მზად ვიყავით, თუმცა ყველა რისკფაქტორია გასათვალისწინებელი. რეგულაცია გულისხმობს დისტანციის დაცვას სასწავლო აუდიტორიებში, პირბადის ტარების ვალდებულებას, ასევე, რა თქმა უნდა, სადეზინფექციო ხსნარები, დეზობარიერები და თერმოსკრინინგია საჭირო. ამ მიმართულებით ყველა ფაქტორს ვაკმაყოფილებთ, თუმცაღა გასათვალისწინებელია, რომ თსუ არის დიდი დაწესებულება, სადაც 23 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს, მოღვაწეობს ორი ათასი აკადემიური პერსონალი და დამატებით ადმინისტრაციული. მთლიანად ყველას ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება დიდ მობილობას იწყებს და რა თქმა უნდა, ეს გასათვალისწინებელი იქნება“, – განაცხადა ლაშა საღინაძემ.