თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „სალიტერატურო ენის საკითხები: ძირითადი ტენდენციები და პრობლემები“, გაიმართა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „სალიტერატურო ენის საკითხები: ძირითადი ტენდენციები და პრობლემები“, გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „სალიტერატურო ენის საკითხები: ძირითადი ტენდენციები და პრობლემები“, რომელიც ქართული ენის დღეს მიეძღვნა.

კონფერენცია სახელმწიფო ენის დეპარტამენტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოების ერთობლივი ორგანიზებით მოეწყო.

„1978 წლის 14 აპრილიდან ლამის ნახევარი საუკუნე გავიდა და ქართული ენის მდგომარეობა ამ ხნის მანძილზე წინ ნამდვილად არ წასულა. იგი კიდევ უფრო გართულდა, რადგან საბჭოეთის დროს ქართულ ენას ჰყავდა ერთადერთი კონკურენტი, ეს იყო რუსული ენა, ხოლო საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ქართულ ენას მრავალი კონკურენტი გამოუჩნდა. უპიველეს ყოვლისა, საერთაშორისო ენები, მაგალითად, ინგლისური, ჩინური – ახლანდელ დროს უკვე. ასეთ დიდ ენასთან გამკლავება, როგორიც ინგლისურია, ისეთ ენაზე მეტყველებსაც უჭირთ, როგორებიცაა, მაგალითად, ესპანური, პორტუგალიური, გერმანული, ფრანგული. ადვილად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა მდგომარეობა აქვს ქართულ ენას, რომელმაც არა მარტო სიცოცხლისუნარიანობა უნდა გამოიჩინოს, არამედ უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება ისე, რომ შეინარჩუნოს ყველა ის სფერო, რომელიც საბჭოეთის პერიოდში ამ ენას ჰქონდა თავისი დანიშნულებით. დღევანდელი კონფერენცია ეძღვნებოდა სწორედ 1978 წლის 14 აპრილს, 4 ორგანიზაციის ერთობლივი შრომის შედეგია ეს კონფერენცია. ამ ოთხმა ორგანიზაციამ ერთად შექმნა კონფერენციის პროგრამა, რომელიც ორდღიანია, იგი საერთაშორისოა მასში მონაწილეობენ უცხოელი სპეციალისტებიც და შეეხება არა მარტო ქართული ენის, როგორც სალიტერატურო ენის პრობლემებს, არამედ, ზოგადად, სტანდარტიზაციის, ენის ნორმირების პრობლემებს თანამედროვე მსოფლიოში და, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ ევროპაში, რომ ჩვენ წარმოდგენა შევიქმნათ, რა მდგომარეობაშია ქართული, კიდევ რომელი ენები არიან ამ მდგომერეობაში და რა დასკვნები შეიძლება გამოვიტანოთ, რაც ჩვენ გამოგვადგება ქართული ენის ფუნქციონირების გასაძლირებლად და მისი ნორმალიზაციისათვის“, – განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სამსახურის უფროსმა, თინათინ ბოლქვაძემ.

კონფერენციის გარდა, ასევე გაიმართა იმ უცხოელი ქართველოლოგების გამოფენა, რომლებიც თბილისის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორები არიან.

ამას გარდა, კონფერენციის მონაწილეებმა ყვავილებით შეამკეს უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის, აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის საფლავი უნივერსიტეტის ეზოში.