თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“ მიმდინარეობს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“ მიმდინარეობს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“ მიმდინარეობს.

აღნიშნული კონფერენცია წელს მეექვსედ ტარდება და ქართულ-ოსურ ურთიერთობათა გაღრმავებას ისახავს მიზნად.

„კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო, წლევანდელი კონფერენცია ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს და ცნობილ ქართველ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს, დანიელ ჭონქაძეს და ოს მწიგნობარს, ვასილ ცორაევს ეძღვნება.

„წელს მეექვსედ ტარდება, ყოველწლიური ფორმატი აქვს. წელიწადში ერთხელ, ოქტომბრის თვეში იმართება ხოლმე და ყოველ წელს ეძღვნება ქართველ და ოს საზოგადო მოღვაწეებს, რომლებიც სწორედ ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარებაზე ზრუნავდნენ. წელს კონფერენცია ეძღვნება ცნობილ მწერალს, საზოგადო მოღვაწეს, დანიელ ჭონქაძეს და ასევე ცნობილ ოს საზოგადო მოღვაწეს, ვასილ ცორაევს. დანიელ ჭონქაძემ და ვასილ ცორაევმა დიდი წვლილი შეიტანეს ქართულ-ოსური ურთიერთობების განვითარების მიმართულებით. მათ შეკრიბეს ოსური ფოლკლორი, რომელიც მოგვიანებით გამოქვეყნდა კიდეც. ასევე, ისინი თბილისის სასულიერო სემინარიაში ოსურ ენას ასწავლიდნენ.

კონფერენციაში ყოველწლიურად მონაწილეობენ მეცნიერები საქართველოს და უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან და კვლევითი ცენტრებიდან. წელს 90-ზე მეტი მონაწილეა კონფერენციაში ჩართული, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებიდან, ასევე იტალიიდან, გერმანიიდან და სხვ. პრაქტიკულად, ნახევარზე მეტი მონაწილე უცხოელია, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი პრესტიჟია. კონფერენციას უკვე ძალიან მაღალი სანდოობა აქვს შესაბამის სამეცნიერო წრეებში“, – განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, კონფერენციის თანაორგანიზატორმა, ნინო პოპიაშვილმა.

საერთაშორისო კონფერენცია დღეს გაიხსნა და მონაწილეებს თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე მიესალმა.

კონფერენცია ორდღიანია და ხვალ დღის ბოლოს დასრულდება.