თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაინფიცირებული თანამშრომლის 12 კონტაქტია მოძიებული, ყველა მათგანი თვითიზოლაციაში იმყოფება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაინფიცირებული თანამშრომლის 12 კონტაქტია მოძიებული, ყველა მათგანი თვითიზოლაციაში იმყოფება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ დღეისთვის დაზუსტებულია დაინფიცირებული თანამშრომლის პირადი კონტაქტები, დეტალური ინფორმაცია მიეწოდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს.

ამასთან, თსუ-ში აცხადებენ, რომ სტუდენტები 23 მარტიდან ონლაინ რეჟიმში გადიან სასწავლო პროცესს და ლექციები მხოლოდ დისტანციურ ფორმატში ტარდება, ასევე, დისტანციურ რეჟიმში მუშაობს ადმინისტრაციული პერსონალი, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, როდესაც რამდენიმე თანამშრომელს დროის მცირე მონაკვეთით უწევს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება.

შესაბამისად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღნიშნავენ, რომ დაინფიცირებულთან სამსახურებრივი კონტაქტის რაოდენობა საკმაოდ მცირეა.

„დაინფიცირებულთან პირად კონტაქტში მყოფ ყველა თანამშრომელს უტარდება „პისიარ“ ტესტი, ისინი გადაყვანილნი არიან თვითიზოლაციაში. ამ ეტაპზე გავრცელების წყარო უნივერსიტეტის თანამშრომელთა შორის არ დადასტურდა.

მეათე კორპუსში კიდევ ერთხელ ჩატარდა სადეზიფექციო სამუშაოები. ამასთან, თსუ სრულად არის უზრუნველყოფილი ვირუსის გავრცელებისა და გადადებისგან დამცავი ყველა საჭირო აღჭურვილობით. ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაო და პრაქტიკული სამუშაოებისთვის განკუთვნილი სივრცეების სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება. ყველა შენობა აღჭურვილია დეზობარიერით, სადეზინფექციო საშუალებებით, ხორციელდება შენობაში შესვლისას თერმოსკრინინგი“,- აცხადებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და განმარტავენ, რომ მომხდარი ფაქტის გამო, დამატებით გატარდა პრევენციული ზომები.

„კონტაქტების რაოდენობა ძალიან მცირეა. ყველა გამოკვლეულია, მიწოდებულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან, ყველასთან გავლილია შესაბამისი კვლევა, გადასულები არიან თვითიზოლაციაში.

პირდაპირი კონტაქტი იყო ორი, უშუალო კონტაქტი არა, მაგრამ იყო ირიბი კონტაქტი ათ ადამიანთან და ყველა იმყოფება იზოლაციაში. დაინფიცირებული საპენსიო ასაკის ქალბატონია. ინფიცირების წყარო, როგორც ჩემთვის ცნობილია, გუშინდლამდე არ იყო დადგენილი, თუმცა მიმდინარეობს კვლევა. თსუ-ში წყარო აღმოჩენილი არ არის. ეს ქალბატონი სასწავლო კორპუსთან ახლოს ცხოვრობდა, სავარაუდოდ, ის საზოგადოებრივი ტრანსპორტით არ სარგებლობდა.

იმ დროიდან, რაც „კოვიდ-19“ დადასტურდა, უნივერსიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდებოდა, შევიძინეთ სადეზინფეციო ხსნარები და დასუფთავება სრულად მიმდინარეობს სადეზინფექციო საშუალებებით. ყველა კორპუსი აღჭურვილია თერმოსკრინინგის დისტანციური თერმომეტრით, დეზობარიერით და დისპენსერებით. უნივერისიტეტში ნებისმიერი პირის უსაფრთხოება დაცულია. ჩატარებული კვლევებით, არც ერთ სხვა თანამშრომელს სიმპტომიც კი არ გააჩნია. ამ ეტაპზე ჯანმრთელობის მდგომარეობა რთული არ არის, თუმცა გარკვეული დოზით მას აღენიშნება თანმდევი დაავადებები და შესაბამისად, მაინც საყურადღებოა. დაინფიცირებული ადამიანი ცხრა დღის წინ იმყოფებოდა სამსახურში, ხოლო ვირუსი ორი დღის წინ დაუდგინდა “, – განაცხადა თსუ-ის კანცლერმა ლაშა საღინაძემ.