თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 4 აპრილს გაიხსნება
თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 4 აპრილს გაიხსნება

თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 4 აპრილს გაიხსნება. რიგით მე-9 ფესტივალზე 11 კონცერტი გაიმართება.

ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში დღეს პრესკონფერენცია გამართეს ფესტივალის დირექტორმა მაია ჩაჩავამ, სამხატვრო ხელმძღვანელმა არჩილ უშვერიძემ და თბილისის მერის მოადგილემ სოფო ხუნწარიამ.

როგორც პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, საერთაშორისო საგუნდო მუსიკის ფესტივალზე მუსიკოსები ჩამოვლენ ამერიკიდან, აზერბაიჯანიდან, ლიეტუვიდან, გერმანიიდან. ორგანიზატორების თქმით, კონცერტები საკონცერტო ექსპერიმენტულ სივრცეებში გაიმართება. მათ შორის სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, იაკობ გოგებაშვილის სასწავლებელში, თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკური კათედრალური (სამეუფო) ტაძარში, სახელმწიფო უნივერსიტეტში.

საგუნდო მუსიკის ფესტივალი 2011 წლიდან მერიის მხარდაჭერით იმართება.

წლევანდელ ფესტივალზე ადგილობრივი გუნდების გარდა მსმენელის წინაშე ხუთი საერთაშორისო გუნდი წარდგება. ფესტივალი 14 მაისამდე გაგრძელდება.