თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ზაფხულიდან რამდენიმე ახალი ავიაკომპანია იწყებს ოპერირებას | ახალი კვირა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე წლის ზაფხულიდან რამდენიმე ახალი ავიაკომპანია იწყებს ოპერირებას.

„ტავ ჯორჯიაში“ პირველ არხს დაუდასტურეს იმ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები, რომლებიც სავარაუდოდ ჩარტერულ და რეგულარულ რეისებს თბილისიდან შეასრულებენ. ამ ეტაპზე ცნობილია ოთხი ავიაკომპანია, რომლებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტით სარგებლობას გეგმავენ.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ ინდური ავიაკომპანია „ინდიგოს“ შემოსვლის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ. ზაფხულიდან აღნიშნული ავიაკომპანია თბილისი-დელის მიმართულებით იფრენს.

ლისაბონის მიმართულებით დაგეგმილია „ჰაი ფლაის“ (HIFLY) ჩარტერული ავიარეისები. ესპანური ავიაკომპანია „ულტრა ლაინს“ (Plus Ultra Lines) თბილისიდან მადრიდის მიმართულებით იფრენს. ავიარეისების დაწყების თარიღი და ინტენსივობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„ეარ მალტა“ (Air Malta) კი თბილისიდან რეგულარულ რეისებს განახორციელებს. ეს ინფორმაცია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე განთავსდა.