თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე მუშაობა დასასრულს უახლოვდება [ფოტო]
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე მუშაობა დასასრულს უახლოვდება [ფოტო]

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე მუშაობა დასასრულს უახლოვდება.

როგორც „ტავ ჯორჯიაში“ აცხადებენ, ე.წ. მასტერპლანზე აეროპორტის ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯია“ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების უშუალო ჩართულობით მუშაობს.

აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ არსებული ინფრასტრუქტურა, აეროპორტში საჰაერო ხომალდის სახმელეთო მომსახურების ახალი ტექნიკა და ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, ასევე გამგზავრებისა და ჩამოფრენის ტერმინალები დაათვალიერა.

აეროპორტების გაერთიანების ახალ დირექტორს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანიის, „ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ უმასპინძლა.

აეროპორტების მმართველი კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა და აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა აეროპორტების ინფრასტრუქტურის განახლებისა და არსებული სტანდარტების კიდევ უფრო გაუმჯობესების აუცილებლობაზე ისაუბრეს, რისთვისაც უახლოეს პერიოდში რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება.

აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა და „ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გენერალური განვითარების გეგმებზე ისაუბრეს, რომლებზე მუშაობის პროცესში „ტავ ჯორჯია“ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონში აეროპორტების დაგეგმარებაში ერთ-ერთ წამყვან საექსპერტო და საკონსულტაციო კომპანია ADP Ingénierie-სთან (ADPI) თანამშრომლობდა.

როგორც აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ აღნიშნა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურა სავსებით შეესაბამება დღევანდელ სტანდარტებს.

„„ტავ ჯორჯიასთან“ ერთად დავათვალიერეთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურა, დავათვალიერეთ საფრენოსნო მოედანი, ტექნიკა, სახანძრო აღჭურვილობა, რადგან მნიშვნელოვანია, ეს ყვლაფერი იყოს მოწესრიგებული და სათანადო დონეზე, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი სავსებით შეესაბამება დღევანდელ სტანდარტებს. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში უკვე ეს დოკუმენტი იქნება დასრულებულო და გამზადებული საპრეზენტაციოდ, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ უკვე განვსაზღვროთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა, საინვესტიციო ღირებულება და თუ რა შედეგი გვინდა, მივიღოთ“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

როგორც „ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ აღნიშნა, განვითარების კონკრეტული გეგმა, რაზეც მუშაობა მიმდინარეობს, ითვალისწინებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობას.

„ხედავთ, რომ ტერმინალი არის უკვე მოძველებული, თითქმის 18 წლის შენობაა, არის პატარა და თვითონ სივრცე აღარ არის საკმარისი, ამიტომ იგეგმება ახალი ტერმინალის მშენებლობა. იგეგმება ასაფრენ-დასაფრენი ზოლის კატეგორიის შეცვლა“, – განაცხადა თეა ზაქარაძემ.